აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საუდის არაბეთის მეფე სალმანთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ელოდება, რომ ოპეკი და სხვა ქვეყნები შეთანხმებას მალე მიაღწევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დიდი მოლაპარაკებები გვქონდა ნავთობის წარმოებასა და ოპეკზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენმა ინდუსტრიამ კარგად იმუშაოს და ნავთობის ინდუსტრიამ იმუშაოს იმაზე უკეთ, ვიდრე ახლა.

ოპეკის შეხვედრა დღე იყო. ვიტყოდი, რომ ისინი უახლოვდებიან შეთანხმებას. მალე გავიგებთ.

მათ შეიძლება რამე გამოაცხადონ დღეს ან ხვალ. ეს შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება არც ისე კარგი“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ნავთობის „წარმოება იმდენად დიდი იყო, რომ არავინ იცის, რა უყოს მას“.

ოპეკი (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) და სხვა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები რუსეთის ხელმძღვანელობით 9 აპრილს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობენ და მოუწოდებენ აშშ-ისა და სხვა ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს, შეუერთდნენ მათ ძალისხმევას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის აწევისკენ არის მიმართული. როგორც რუსული მედია წერს, 9 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე შეთავაზებული პირობები მექსიკამ უარყო, რის გამოც მოლაპარაკებები 10 აპრილსაც გაგრძელდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: