,,ჯერჯერობით საქართველოში არაა ის დრო, რომ ანტისხეულის ტესტები ჩავატაროთ”

ჯერჯერობით საქართველოში არაა ის დრო, რომ ანტისხეულის ტესტები ჩავატაროთ. 200-ზე მეტი პაციენტი გვყავს ჯერ და პროცესი ჯერჯერობით მართვადია. ეს ტესტირება რომ ჩატარდეს, ის ცრუ ინფორმაციას მოგვცემს. არა მგონია, რომ ქვეყნის 20-30%-ს უკვე კორონავირუსთან შეხება ჰქონდა და იმუნიტეტი გამოუმუშავდა, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში, რეანიმატოლოგმა, ბექა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანტისხეულზე ჩატარებულმა ტესტმა რომ დადებითი შედეგი აჩვენოს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ადამიანს იმუნიტეტი აქვს ამ ვირუსის მიმართ.

„ბევრი ადამიანი აღშფოთებულია იმით, რომ ანტისხეულებზე ტესტებს არ ვატარებთ. ჩემი აზრით, ამისთვის ჯერ არც ერთი ქვეყანა არაა მზად. ამერიკაში ვალიდური და აპრობირებული ანტისხეულის ტესტი არ არსებობს. ტესტის გაკეთების უნარი და ტესტის ვალიდაცია ორი სხვადასხვა პროცესია. პირველი გულისხმობს იმას, რომ ტესტის გაკეთება ტექნიკურად არის შესაძლებელი, მეორე კი გულისხმობს იმას, რამდენად სარწმუნო იქნება ამ ტესტის შედეგის ინტერპრეტაცია. მაგალითად, მე რომ მინდოდეს ანტისხეულზე ტესტის ჩატარება, ჩვენს საავადმყოფოში ანტისხეულის ტესტები არაა. სხვა საავადმყოფოებშიც, სადაც ეს ტესტები არსებობს, მათ იყენებენ თვითონ ტესტის ტესტირებისთვის. ერთ-ერთი კომპანია მათ ე.წ. ექსპრეს-ტესტებს უწოდებს, თუმცა FDA-მ (აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ) ამ კომპანიას მისცა დასტური, რომ ამ ტესტების გამოცდა დაიწყოს, და არა პაციენტები გამოიკვლიოს. მე რომ დღეს ეს ტესტი ჩავატარო, ეს იქნება ნაწილი ამ კვლევისა – არის თუ არა ვალიდური ეს ტესტი. ჯერჯერობით საქართველოში არაა ის დრო, რომ ანტისხეულის ტესტები ჩავატაროთ. 200-ზე მეტი პაციენტი გვყავს ჯერ და პროცესი მართვადია. ეს ტესტირება რომც ჩატარდეს, ის ცრუ ინფორმაციას მოგვცემს, ვინაიდან არა მგონია, რომ ქვეყნის 20-30%-ს უკვე კორონავირუსთან შეხება ჰქონდა და იმუნიტეტი გამოუმუშავდა. გარდა ამისა, ტესტმა რომ დადებითი შედეგი აჩვენოს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მე იმუნიტეტი მაქვს ამ ვირუსის მიმართ. მე მაინც ვატარებ პირბადეს და შევეცდები, ვირუსი თავიდან ავირიდო. ტესტის გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობა არ ნიშნავს მის ვალიდურობას“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: