დამონტაჟდა თუ არა 5G ანძები თბილისის უბნებში

კორონავირუსის პანდემიასა და მე-5 თაობის ინტერნეტს (5G) შორის კავშირზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს მხარდამჭერები უკვე საქართველოშიც გამოუჩნდა. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფები, სადაც ქართველი მომხმარებლები ამ საკითხზე საკმაოდ აქტიურად გამოთქვამენ შეშფოთებას.

ზოგმა ასეთი ვარაუდიც კი გამოთქვა: „კორონავირუსი გამოგონილი მიზეზია იმისთვის, რომ ადამიანები სახლში გამოკეტონ, ამასობაში კი 5G ანტენები დაამონტაჟონ“.

ფეისბუქზე გავრცელდა თბილისის სხვადასხვა უბნებში დამონტაჟებული ტელესაკომუნიკაციო ანძების ფოტოები. მომხმარებელთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ ეს არის 5G , რომელიც კომენდანტის საათის პერიოდში ფარულად დამონტაჟდა.  სოციალურ ქსელში მკვეთრი მოწოდებებიც გაკეთდა, რომ თუ სასწრაფოდ არ მოხდება მათი დემონტაჟი, თვად მივლენ და მოტეხავენ

როგორც „ინფო ფოსტალიონმა“ გაარკვია, აღნიშნულ ფოტოებზე გამოსახულია უკვე არსებული ტელესაკომუნიკაციო ანძები, ხოლო თუ სადმე დამატებით ხდება მონტაჟი, ეს მხოლოდ მათ გაძლიერებას ემსახურება, რადგან საგანგებო სიტუაციის პერიოდში, გადატვირთვის გამო, არ მოხდეს ინტერნეტის ან სატელეფონო კავშირების გათიშვა. 

რაც შეეხება საქართველოში 5G ანტენების დადგმას, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპეტივაა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე იძებნება მხოლოდ ინფორმაცია 5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 5G-სთან დაკავშირებით ფიზიკურად არაფერი არსებობს. არც აუქციონი ყოფილა და არც ანტენების დადგმის ნებართვა მიუღია ვინმეს. 

ტექნოლოგიური სიახლეების საწინააღმდეგოდ შეთქმულების თეორიების გავრცელება ახალი არ არის. ის სათავეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იღებს, როდესაც მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზებისა და 1990-იან წლებში მობილური ტელეფონების ანტენების გამო, მოსახლეობა შეშფოთებული იყო. სწორედ ეს განწყობები ხდებოდა ნოყიერი ნიადაგი ყველაზე დაუჯერებელი  თეორიების გასავრცელებლად. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაც ასეთი ნიადაგი აღმოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში მოსახლეობის ნაწილმა ანტენებზე იერიში მიიტანა და ცეცხლი წაუკიდა. 

YouTube-ზე უცნობმა ბლოგერებმა და ონლაინ-შოუების წამყვანებმა თემა სწრაფად აიტაცეს და დაიწყეს „5G-ზე სიმართლის“ გავრცელება, რამაც მათ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კარგი შემოსავალი მოუტანა.

ქართულ ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება ყოფილი ფეხბურთელის და bbc-ს ყოფილი სპორტული კომენტატორის, ცნობილი ინსპიროლოგის დევიდ აიკის ვიდეომიმართვები. დევიდ აიკი 5G-სა და კორონავირუსის კავშირზე თეორიის ერთ-ერთი აქტიური მომხრეა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა 1998 წელს გამოცემული წიგნით, „ყველაზე დიდი საიდუმლო“.

დევიდ აიკის თეორიის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერები, კორპორატიული ხელმძღვანელები, ოსკაროსანი მსახიობები და გრემის მფლობელი მომღერლები რეალურად ხვლიკები არიან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – კაცობრიობის დამონება. 

5G-ს აქტიურ მოწინააღმდეგეთა შორისაა ასევე კანადაში „მაიკროსოფტის“ ოფისის ყოფილი დირექტორი, ფრეკ გრეგი, რომელიც ცნობილია, როგორც Wi-Fi -ს აქტიური მოწინააღმდეგე და 2013 წლიდან სკოლებში ინტერნეტის შეტანის წინააღმეგ აქტიური მებრძოლი. 

სპეციალისტების თქმით, ტექნოლოგიების განვითარებას თითქმის ყველა ეტაპზე ჰყავდა მსგავსი მოწინააღმდეგეები, თუმცა სიახლის დანერგვის შემდეგ ისინი თავად ხდებიან ინოვაციების აქტიური მომხმარებლები. სამწუხარო ის არის, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და ამ გზით ცდილობენ პოპულარობისა და ფინანსების მოხვეჭას. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: