სანამ არჩევანს ნგრევაზე გააკეთებდნენ, ძალიან მინდა, კარგად გაიაზრონ, რას ანგრევენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ გადაიტანა უმძიმესი ტრავმები, რომელთა ყველაზე მძიმე შედეგი იყო ერის თვითშეფასების კოლაფსი ,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის  მრჩევლი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს არის უნიკალური შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.

„დღეს ხშირად ვისმენთ წუხილს იმის გამო, რომ კორონავირუსი ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არამედ, ჩვენი ქვეყნის (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების) ეკონომიკას. ეს შეიძლება ნიშნავდეს კიდევ მეტ სიღარიბეს, უმუშევრობას, უნუგეშობას…
ერთხელ იმ აზრსაც წავაწყდი, რომ კრიზისი ახალ შესაძლებლობებს აჩენს ეკონომიკის კუთხით და ჩვენ შეგვიძლია, კორონაკრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ.
ჩემი ფიქრი კი, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, სულ სხვა თემას უტრიალებს. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ გადაიტანა უმძიმესი ტრავმები, რომელთა ყველაზე მძიმე შედეგი იყო ერის თვითშეფასების კოლაფსი…
ყველა, ვინც ამ თემაზე სიღრმისეულად საუბრობდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ ამდენი მარცხის შემდეგ, ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება გამარჯვების გამოცდილება. ამას თითოეული ჩვენგანი გრძნობდა და ვეჭიდებოდით ხან სპორტსმენების, ხან მუსიკოსების მსოფლიო აღიარებას. მაგრამ ეს არ კმაროდა…


პირველად 30 წლის განმავლობაში, სწორედ ახლა გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, მიაღწიოს რეალურ წარმატებას; ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარსდგეს, როგორც ვირუსთან ბრძოლაში ნამდვილად წარმატებული, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა და, რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ ექიმების, ან მხოლოდ ექიმების და მთავრობის, ან მხოლოდ ექიმების, მთავრობის, რიგ შემთხვევაში, სწორად მოკრიტიკე ოპოზიციის და, რიგ შემთხვევაში, ზუსტად მომუშავე ჟურნალისტების წარმატება. რასაც დღეს მივაღწიეთ, ეს არის თითოეული მოქალაქის მიერ თავისი ქვეყნისთვის (და არა მხოლოდ თავისი თავისთვის) გაჩენილი შანსი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გამოვიდეთ დამარცხების დიდი ტალღიდან; ბოლოს და ბოლოს, დავიჯეროთ, რომ ნამდვილი გამარჯვებაც – ლამის სასწაულის ტოლფასი – თითოეული ჩვენგანის (!) წვლილით მოვიპოვეთ.


ეს არის უნიკალური შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. გაფიქრებისაც კი მეშინია, რა ძალას შევიძენთ, თუ შევძელით და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სტატუსი შევინარჩუნეთ, ვიდრე კორონას საბოლოოდ დაამარცხებს კაცობრიობა.
საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს აქვთ არჩევანის თავისუფლება და შეუძლიათ, ეს ყველაფერი დაანგრიონ. შეუძლიათ, დაარღვიონ კანონი, შეიკრიბონ სადაც უნდათ და როგორც უნდათ. დაავირუსონ ასობით, ათასობით ადამიანი სიკეთის სახელით და, ბოლოს და ბოლოს, გადაიხადონ ჯარიმა ასეთი ქცევისთვის.

ოღონდ, სანამ არჩევანს ნგრევაზე გააკეთებდნენ, ძალიან მინდა, კარგად გაიაზრონ, რას ანგრევენ. ანგრევენ 30 წელიწადში ერთხელ გაჩენილ შანსს, რომ ჩვენი ხელით შევქმნათ მსოფლიო მასშტაბის წარმატების ის მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, წელში გამართავს საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენს ოჯახებს.
კიდევ ვამბობ, რომ გამარჯვებაც და დამარცხებაც განსაკუთრებულ ფასს იძენს იმის გამო, რომ თითოეული ჩვენგანის პირად გადაწყვეტილებას, პირად წვლილს ეფუძნება.
ექიმებს ბევრი რამ შეუძლიათ, მაგრამ სასწაულს ვერ მოახდენენ. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ლუპით აკვირდება ერთმანეთის წარმატებას და მარცხს. ასეთი შანსი, ალბათ, ძალიან დიდხანს აღარ გვექნება“,-წერს ია ანთაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: