გახარია პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას სთხოვს

გიორგი გახარია პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას სთხოვს.

განცხადება მან საკოორდინაციო საბჭოს თითქმის 7-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე განცხადებით, ჩაიკეტა 4 დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან მომდევნო 10 დღით აიკრძალა.

რეჟიმი მკაცრდება, თუმცა, სახელმწიფო ეკლესიას პასუხს არ სთხოვს. 13 აპრილს მთავრობის წევრები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა, განცხადებები არ გაკეთებულა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობს და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. 12 აპრილს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. ტაძრებში ხალხმრავლობა იყო, მრევლი ერთი კოვზით აზიარეს. სამების ტაძარში ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

12 აპრილს სამებაში შეკრებილებს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგიც გააცნეს. აღდგომის წინა ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

13 აპრილს კი საქართველოში ახალი კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა. მან 7 აპრილს, ხარებას, წირვა აღავლინა, ჩაატარა ზიარებაც. დაინფიცირებულია მისი ექთანი დაც, ასევე, კლინიკა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კიდევ 4 თანამშრომელი – ერთი ექიმი და 3 ექთანი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: