“დარტყმა ძალიან ძლიერია და არაფრით შეიძლება ამის შელამაზება”

გლობალური ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შედის და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ მთავრობა მუშაობს, რათა შეარბილოს მოსალოდნელი დარტყმა როგორც ბიზნესზე, ისე ადამიანებზე, ვინც დროებით უმუშევარი დარჩება. მალე მთავრობა გამოვა ეკონომიკური სტიმულირების გეგმით, რომელიც საფუძველს ჩაუყრის კარგ 2021 წელს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკაში შექმნილი გამოწვევები და შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა გარკვეულ პერსპექტივასაც ქმნის და პანდემიის დასრულების შემდეგ მთელი რიგი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იკვეთება. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის ვარაუდით, წელს დიდი ალბათობით ეკონომიკის ზრდა მოსალოდნელი არ არის და მთავრობა დარტყმის შერბილებაზე მუშაობს.

„ჩვენ დღეს ვმუშაობთ იმაზე, რომ შევარბილოთ დარტყმა და სწორედ ამაზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი, თუ რა გვაქვს ამ კუთხით დაგეგმილი. დარტყმა არის ძალიან ძლიერი და არაფრით შეიძლება ამის შელამაზება, რადგან საუბარი არის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე. დღეს ჩვენთვის ეკონომიკური პრობლემები იგივე რიგის გამოწვევაა, რაც პანდემია. ერთმანეთისგან არ ვასხვავებთ. ეს არის ერთი პრობლემის ორი მნიშვნელოვანი მხარე და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე,

საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული წარმატებული ქვეყანა, როდესაც გლობალური ეკონომიკა საკმაოდ ღრმა კრიზისში შედის. რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები იქნება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ, დავძლიოთ ეპიდემია და დავიწყოთ ეკონომიკის სტიმულირება. თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა და ზაფხულიდან შეზღუდვების შერბილებასა და ბიზნესის ამოქმედებას მოვახერხებთ, ყველაზე კარგი იქნება ნეიტრალური შედეგი. ზრდაზე მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს. თუ არადა, შეიძლება, უარყოფითი მაჩვენებლებიც დაფიქსირდეს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ტურიზმი და ექსპორტი იყო, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო ეს ფაქტორები ვეღარ იმუშავებს.
„როდესაც გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა მცირდება, ექსპორტი ვეღარ

იქნება წარმმართველი ძალა 2020 წელს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ 2021 იყოს უკეთესი წელიწადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევარბილოთ დარტყმა როგორც ბიზნესზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დროებით შემოსავალს დაკარგავს. ეს გარკვეულწილად გარდუვალია და ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ მოვამზადებთ და სულ მალე გამოვალთ ეკონომიკის სტიმულირების გეგმით, რომელიც საფუძველს ჩაუყრის კარგ 2021 წელს“, – განუცხადა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორს“.

Facebook Comments
%d bloggers like this: