ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა. ტრამპმა აშშ-ში Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა

თეთრი სახლი აშშ-ში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე მუშაობას ასრულებს, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს, 14 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, ეს თემა უკვე მრავალჯერ განიხილა მან თავის გუნდთან და წამყვან ექსპერტებთან ერთად. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის გეგმაზე მუშაობა ვადაზე ადრე დასრულდება.

„მალე გავცემთ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გუბერნატორებისთვის, რათა მათ თავიანთი შტატების უსაფრთხოდ „გახსნა“ შეძლონ. კარანტინის რეჟიმის მოხსნას უშუალოდ პრეზიდენტი წყვეტს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, ამ საკითხზე ექპერტების რჩევები გავითვალისწინო. ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მათ მიერ შემუშავებული გეგმა ამერიკელ მოსახლეობას ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დროულად დაბრუნების იმედს აძლევს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ ამ თემის დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

ტრამპმა ინფექციის მთავარ კერებში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, მიჩიგანსა და ლუიზიანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებაზეც ისაუბრა. მისი სიტყვებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი ყოველდღიურად იკლებს და სწორედ ეს აძლევს პრეზიდენტს იმის საფუძველს, რომ ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა.

„ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის  მიღებული სტრატეგია მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები ითვალისწინებენ სახელმწიფოს მიერ გაცემულ მითითებებს. წარმოუდგენელია, რაც მათ გააკეთეს“- განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ სიტუაცია მოსალოდნელზე უკეთ ვითარდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: