კობერიძე: პატრიარქს მივმართავ თხოვნით, მრევლს მოგვცეს კურთხევა, რომ დავრჩეთ სახლში და სახლიდან ვილოცოთ

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში პარლამენტის წევრმა, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

“სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ხელისუფლება სუსტია და რაც არ უნდა იძახოს რომ, აღდგომას არ მივა ლიტანიობაზე ეკლესიაში, ის ვერ დაარწმუნებს მრევლს, რომ ისინიც არ მივიდნენ ლიტანიობაზე, დარჩნენ სახლში და სახლიდან ილოცონ. ის ვერ შეძლებს ვერც კანონის აღსრულებას. იმიტომ, რომ ამის არც სიძლიერე აქვს და არც სიმტკიცე. ამ მთავრობას არ აქვს ლეგიტიმაცია და ავტორიტეტი. პრემიერ-მინისტრის სიტყვას არ აქვს ფასი, რაც არ არის კარგი, რადგან სწორედ ასეთ სიტუაციებშია მნიშვნელოვანი, რომ მის სიტყვას მიყვებოდეს ხალხი.

ეკლესიას გაცილებით დიდი მისია აქვს, ვიდრე ერთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს თუ ხელისუფლებას, რამდენი წელიც არ უნდა მართავდეს ის ქვეყანას.

შეიძლება კადნიერებაში ჩამეთვალოს, მაგრამ მე როგორც ერთმა დეპუტატმა მინდა მივმართო პატრიარქს, ვთხოვო მას, რომ მრევლს მოგვცეს კურთხევა, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში და ილოცონ სახლიდან. ხოლო, მეუფეებმა და მამაოებმა ამ მრევლისათვის ილოცონ ეკლესიიდან. მხოლოდ პატრიარქს შეუძლია ეს გააკეთოს თავისი ავტორიტეტიდან და საიბრძნიდან გამომდინარე, რომ მოახერხოს და გააერთიანოს ერი, ამით დაეხმაროს სახელმწიფოს. ეს არ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის გაერთიანება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: