ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შესაძლოა Covid-19-ის მიმართ იმუნიტეტი ჰქონდეს

საფრანგეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შესაძლოა ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ჰქონდეს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა.

“მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა იტყვის, მოსახლეობის რამდენი პროცენტი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით და რამდენ პროცენტს აღმოაჩნდა იმუნიტეტი. ჩვენი შეფასებით, საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით 10% შესაძლოა ჰქონდეს იმუნიტეტი ახალ კორონავირუსთან მიმართებით”, – აცხადებს მინისტრი.

მისი თქმით, მთავარი სირთულე ის არის, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია ქვეყნის მთელი მოსახლეობის ტესტირება. ახლა ხელისუფლება კონცენტრირებულია იმათ შემოწმებაზე, ვისაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

“ამ ეტაპზე ჩვენ კვირაში 150 000, ან უფრო მეტ ტესტირებას ჩავატარებთ. ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ რაოდენობა 200 000-მდე გავზარდოთ. გერმანიაში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ტესტირება კეთდება, კვირაში 300 000-ზე ცოტა მეტი ტარდება”, – აცხადებს მინისტრი.

ორშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში, ახალი კორონავირუსის გამოვლენის მიზნით მასშტაბური კამპანია დაიწყება. მისი თქმით, ეს 11 მაისიდან მოხდება. მანამდე ქვეყანაში გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა. მაკრონის თქმით, ახლა არანაირი აზრი აქვს ყველას ტესტირებას, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ვისაც კი აღენიშნება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველას უნდა ჰქონდეს ტესტის ჩატარების შესაძლებლობა.

Facebook Comments
%d bloggers like this: