Guardian- ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სოციალური დისტანცირება 2022 წლამდე უნდა გაგრძელდეს

მეცნიერები აცხადებენ, რომ ფიზიკური დისტანცირება 2022 წლამდე უნდა გაგრძელდეს, შემდეგ წლებში კი, პერიოდულად,-ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, ერთჯერადი ბლოკირება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს და განმეორებითი პიკი შესაძლოა, უფრო საშიში და მძიმე იყოს, ვიდრე ახლანდელი.

პანდემიის განმეორება შესაძლოა, 2025 წელს მოხდეს, თუ არ იქნება შექმნილი ვაქცინა, ან ეფექტური მკურნალობის მეთოდი.

კვლევის თანაავტორი, ჰარვარდის ეპიდემიოლოგიის პროფესორი მარკ ლიპსიჩი ამბობს, რომ „ინფექცია ვრცელდება, როდესაც არსებობს ორი რამ: ინფიცირებული ხალხი და მოწყვლადი ხალხი. თუ არ იქნება რაღაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა ჯოგური იმუნიტეტის, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მოწყვლადი რჩება. 2020 წლის ზაფხულში პანდემიის შეწყვეტის პროგნოზი არანაირად არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ ვიცით ამ ინფექციაზე“. 

გამოცემაში წერია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება თავის ყოველდღიურ ბრიფინგებზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებაზე, თუმცა აღნიშნული კვლევა სავარაუდოდ, საბაბი იქნება მეცნიერებთან კონსენსუსის, რომ სოციალური დისტანცირება გაცილებით მეტ ხანს უნდა გაგრძელდეს, რათა შენარჩუნდეს შემთხვევათა ის რაოდენობა, რომელსაც კრიტიკულ სიტუაციაში საავადმყოფოები აიტანენ. 

Science-ის მიხედვით, მკურნალობის ახალი მეთოდები ან ვაქცინა მკაცრ ფიზიკურ დისტანცირების აუცილებლობას შეამსუბუქებს, მაგრამ თუ ეფექტური მკურნალობის გზები არ მოიძებნება, დისტანცირება 2022 წლამდე სხვადასხვა ინტენსივობით შენარჩუნდება. იმ შემთხვევაში, თუ იმუნიტეტი მუდმივია, Covid-19 პირველი აფეთქებიდან 5 წელიწადში გაქრება, ხოლო თუ იმუნიტეტი ადამიანებს მხოლოდ 1 წელი ექნებათ, ისე, როგორც სხვა კორონავირუსების შემთხვევაშია, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ყოველწლიური აფეთქება.

ედინბურგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებებისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი მარკ ვულჰაუსი ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო კვლევა, რომელშიც ახალი კორონავირუსის დინამიკის შესასწავლად მათემატიკური მოდელები იქნა გამოყენებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგი ვარაუდებს ეფუძნება, მაგალითად იმუნიტეტზე, რომელიც ჯერ არ არის შესწავლილი. ამგვარად, აღნიშნული კვლევა უნდა განიხილებოდეს, როგორც სავარაუდო სცენარი და არ უნდა გაკეთდეს მყარი პროგნოზები. 

Facebook Comments
%d bloggers like this: