გია აბაშიძე: „კორონას“ ეპოქაში – კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში , „კორონას“ ეპოქაში – კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან.

,,ამასობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა ქვეყნის ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და სამსახურის მიერ გატარებულ საპასუხო ზომებზე. მოკლედ შევაჯამებ: ქვეყნის, რეგიონის, ევროპის მთავარი გამოწვევა იყო და არის რუსული ოკუპაცია. როგორც სუს-ი, ასევე მთლიანად ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად იყებენდა და იყენებს საერთაშორისო ფორმატებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაფიქსირებულ უკანონო აქტივობებზე რეაგირების მიმართულებით;

მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა; ცხადია, გატარდა სათანადო ქმედითი ზომები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტივობების საწინააღმდეგოდ. ეს არაა ახალი, ყველგან ხდება. მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებში. სუს-ი ებრძოდა დეზინფორმაციასაც. კრემლის, ოკუპირებული რეგიონების, აქაური კონსპიროლოგების თუ ნაკლებად განათლებულების ნარატივი არ ქრება იმაზე, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი “იგონებს” ბიოლოგიურ იარაღს და აწ უკვე “ნერგავს” 5G ტექნოლოგიებს;

გაძლიერდა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა ჯგუფის მუშაობაც; აგვაცილა არაერთი პროვოკაცია დავით გარეჯში. გაანეიტრალა, მინიმუმამდე დაიყვანა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა დესტრუქციული განწყობების გაღვივებისა და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებების მხრივ და რაც მთავარია – საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. არ გამოვლინდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. კრიტიკულად შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფოს მიერ ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა თავის ყოველწლიურ ანგარიშში, ხოლო „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით ძალიან დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორისაა;

გრძელდებოდა და გაგრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან ტერორიზმთან და სხვა საფრთხეებთან გამკლავებისა და თანამშრომმლობის ფართო თანამშრომლობა. სახელმწიფო ინსპექტორის მიერ განხორციელებული შესაბამისი შემოწმების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 2019 წელს სააგენტოს შემადგენლობაში შეიქმნა კორუფციის პრევენციის სამსახური. შეიქმნა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – სასწავლო ცენტრი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა; ამას ემატება უკანონო იმიგრაციის პრევენცია, რადიოაქტიური და სხვა საშიში ნივთიერებების ‘ტრაფიკის’ აღკვეთა და სხვა მრავალ კომპლექსურ საკითხთან გამკლავება. საანგარიშო პერიოდში და ვიტყოდი – ‘კორონას’ ეპოქაში – კიდევ უფრო გაძლიერდა სუს-ის კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებთან. მეტი წარმატება ჩვენ საამაყო სუს-ელებს”,- წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: