მეუფე გრიგოლი – პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია

გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თოთოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის ეკლესიაც ,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, პაატა იმნაძის სიტყვებმა 9 აპრილი გაახსენა, როდესაც პატრიარქმა ხალი გააფრთხილა.

„მიჭირს პასუხის თქმა, თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც მოყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მრავალნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის – საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რათქმა უნდა, ადრესატი არის თოთოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად წავუვალთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს. პაატა იმნაძის განმარტებით, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს, ყველა უნდა დარჩეს სახლში, სხვა გამოსავალი არ არის.

Facebook Comments
%d bloggers like this: