დღეიდან მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება იკრძალება, დახურულ საჯარო სივრცეში კი, პირბადის ტარება სავალდებულოა

17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიიღო.

“დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ ვიღებთ ზომებს. 17 აპრილს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე.

დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 15 ათასი ლარით.

“იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში”, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: