ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები – მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილეს განსხვავებული პოზიციების გვერდზე გადადებისა და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს, – ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ პრესკომუნიკეში.

„ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, 31 მარტის ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, გუტიერესის მოწოდების გათვალისწინებით, მტკიცედ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, გვერდით გადადონ განსხვავებული პოზიციები და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიოს. ფოკუსირება უნდა მოხდეს თანამშრომლობაზე, რეგიონის მთელი მოსახლეობის სასიკეთოდ და „კოვიდ-19“-ის პანდემიის საერთო საფრთხის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომუნიკეს თანახმად, გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვის შესახებ ცნობები ხელს უწყობს ადგილზე დაძაბული ატმოსფეროს შექმნას.

„სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ ნიშნების აღმართვის შესახებ ცნობები ხელს უწყობს ადგილზე დაძაბული ატმოსფეროს შექმნას და ართმევს ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო სახსრებს.
„კოვიდ-19“-ის გლობალური გამოწვევის ფონზე, რომელიც ერთობლივ მიდგომას და ყველას თანამშრომლობას მოითხოვს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავიდან აიცილონ პროვოკაციული ზომები და ფოკუსირება მოახდინონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, – ნათქვამია  პრესკომუნიკეში.

Facebook Comments
%d bloggers like this: