ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა -რეგიონში ბოლომდე განახლდა წარმოება-ჩინეთის ელჩი საქართველოში

ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა. უმეტეს რეგიონში თითქმის ბოლომდე განახლდა წარმოება. მთელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური წესრიგის თანმიმდევრული აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ლი იენმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის აღმოფხვრილია და უკვე ერთი თვეა, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ორთვიანი ცხარე ბრძოლის შედეგად, ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შიდა გავრცელება თითქმის აღმოფხვრილია, უკვე ერთი თვეა, რაც ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. 76-დღიანი იზოლაციის შემდეგ, უხანი, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უდიდესი მსხვერპლის ფასად ისევ გაიხსნა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა. ამას არა მხოლოდ ჩინელი ხალხისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამან სხვა ქვეყნებს ეპიდემიასთან საბრძოლველად ძვირფასი დრო მოაგებინა, მსოფლიოს ხალხებს იმედი მოუტანა, რწმენა ჩაუნერგა და გზა უჩვენა. ჩინეთის მთავრობა კვლავ დაუღალავად აგრძელებს მუშაობას, დიდ ყურადღებას აქცევს ეპიდსიტუაციის განვითარებასა და ცვლილებებს, მკაცრად აკონტროლებს იმპორტირებულ შემთხვევებს და ხელს უშლის შიდა შემთხვევების მატებას,“ – განაცხადა ლი იენმა.

ელჩის შეფასებით, covid19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ჩინეთისთვის დროებითია და მას საკმარისი გამძლეობა აქვს, რომ მშპ-ს ზრდას კვლავ მიაღწიოს. როგორც ელჩი აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,2% იქნება.

„ამჟამად, ქვეყნის უმეტეს რეგიონში თითქმის ბოლომდე განახლდა წარმოება და მუშაობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის აღდგენის დროც ძირითადად განისაზღვრა, მთელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური წესრიგის თანმიმდევრული აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ეპიდემიამ გარკვეული გავლენა იქონია ჩინეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ეს შედეგები დროებითია და ჩინეთის ეკონომიკის პირვანდელ სახეს ვერ შეცვლის. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ 6.8%-ით შემცირდა, თუმცა ჩინეთის ეკონომიკას დიდი შიდამასტიმულირებელი ძალა, გამძლეობა და საკმარისი პოტენციალი გააჩნია, რათა შემდეგ ეტაპზე კვლავ მიაღწიოს ზრდას და შეინარჩუნოს გაუმჯობესების ტენდენცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მოსალოდნელია, რომ წელს გლობალური ეკონომიკა 3% -ით შემცირდება, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა 1,2% -ით გაიზრდება. ჩინეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე წამყვან ეკონომიკას შორის, სადაც პოზიტიური ზრდა არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,2% იქნება,“ – განაცხადა ლი იენმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: