ვინც არ გაითვალისწინა მთავრობის, ექიმების მოწოდებები და მაინც წავიდა ეკლესიაში, არა მგონია, გაითვალისწინოს ჩემი მოწოდება და თვითიზოლაციაში წავიდეს

ცალკეული კადრებით ძნელია ზოგადი წარმოდგენა ვიქონიოთ, თუ რა რაოდენობით ხალხი შეიკრიბა ცალკეულ ეკლესიებში. ამის მიხედვით გადაწყდება, რა რეალობაში გავიღვიძებთ ხვალ,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგის ცერცვაძემ „რუსთვი2-“ ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ შეკრების მასშტაბები გაცილებით მცირე იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, რომ არ გაკეთებულიყო მოწოდებები.

„ იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ექიმების მოწოდებები და მაინც წავიდნენ ეკლესიაში, არა მგონია, ახლა გაითვალისწინონ ჩემი მოწოდებები და თვითიზოლაციაში წავიდნენ. თუმცა, თუ წავლენ თვითიზოლაციაში, ამით ისინი ნულამდე დაიყვანენ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, შეექმნათ. კადრებზე, რომელიც მე ვნახე, ყველას უკეთია ნიღაბი და არის მცდელობა სოციალური დისტანციის დაცვის. თუმცა, არა იდეალური. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება“,-განაცხადა მან.

ცერცვაძის თქმით, სიფრთხილის შემდეგი ეტაპი ის არის, რომ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე. მისივე  განცხადებით, რა შედეგი მოიტანა ეკლესიებში შეკრებამ, ცხადი გახდება 2 კვირის შემდეგ

„პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, რომლებსაც ბევრად უფრო მძლავრი ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა გააჩნიათ, უკვე ვეღარ ახერხებენ მოსახლეობას მიაწოდონ ელემენტარული სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა ტესტები, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, საწოლები რეანიმაციაში და კვალიფიციური კლინიკური მართვა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში მიმართავენ მკურნალობის სელექტიურ მიდგომას. რაც ყველა შემთხვევაში არაჰუმანური და არასამართლიანია. ჩვენთან ეს შესაძლოა, თეორიულად დადგეს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, რადგან საქართველო აქამდე კარგი შედეგით მოვიდა. თუმცა, ბოლო პერიოდში მაინც ვერ ავცდით შიდა გავრცელებას“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: