დილის შემდეგ დადასტურებული შემთხვევების მონაცემები არ შეცვლილა, მხოლოდ ორი გამოჯანმრთელებული შეგვემატა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად მკურნალობას 311 ადამიანი გადის. როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი გამოჯანმრთელების შემთხვევა აქვს.

„დილის შემდეგ დადასტურებული შემთხვევების მონაცემები არ შეცვლილა. დილას იყო 408 შემთხვევა და ჯერჯერობით რჩება ისევ 408. მხოლოდ ორი გამოჯანმრთელებული შეგვემატა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ 313 პაციენტი მკურნალობდა კლინიკაში, ახლა მკურნალობს 311“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​მისივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში დამატებული ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ჩვენს ცენტრში დღეს ორი დადასტურებული „კოვიდ 19“ შემოგვემატა. ეს ორივე დადასტურებული არის არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები ანუ ახალი წყარო არ არის. ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, ჩატარდება გაფართოებული კვლევები და მიმოხილვითი კვლევა, გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა და არსებული მონაცემების შეჯერებით გადაწყდება მათი ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე ანუ პნევმონია თუ იქნება რა სიმძიმის პნევმონია იქნება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანის განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდებიან.

„გამოჯანმრთელებულები ჯერჯერობით 50 გვყავს, პირველ ეტაპზე რამდენიმესთან არის უარყოფითი პირველ ჯერზე და ველოდებით განმეორებით უარყოფითი ტესტის პასუხს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: