ირანში სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს

20 აპრილიდან ირანში კორონავირუსის გამო დაწესებული იზოლაციის მკაცრი რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო. გაიხსნა ავტომაგისტრალები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press (AP) ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მუშაობა განაახლეს დიდმა სავაჭრო ცენტრებმა და ბაზრებმა. თუმცა, მაღაზიები 18:00 საათზე დაიკეტება.

ირანში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელის ალი რეზას განცხადებით, ბიზნესაქტივობის განახლებამ შესაძლოა, Covid-19-ის გავრცელების რისკი გაზარდოს: „საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ვირუსით დაავადების საშიშროებას ზრდის“, – განმარტავს რეზა.

ასევე აღინიშნება, რომ ჯერ-ჯერობით რესტორნების, სპორტ-დარბაზებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულების მუშაობა არ განახლდება. მიუხედავად მუსულმანების წმინდა დღესასწაულის რამადანის მოახლოებისა, ამ ეტაპზე დაკეტილი რჩება მეჩეთი და სხვა რელიგიური ობიექტები.

გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი მეჩეთი და სამლოცველო შესაძლოა, 4 მაისს გაიხსნას. ისლამის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი განმარტავს, რომ მასობრივი თავშეყრა შესაძლოა, მთელი რამადანის პერიოდში აიკრძალოს.

20 აპრილის მონაცემებით, სულ ირანში კორონავირუსის 82 211 შეთხმვევაა დაფიქსირებული. კოვიდინფექციას ქვეყნის მასშტაბით 5 118 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, 57 023 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასულ კვირას ირანის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების დაფიქსირების ფაქტი შემცირდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: