ლევან რატიანის ემოციური მიმართვა – მინდა ვუთხრა ყველას, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს!

თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის და დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, აი ბატონო სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან რატიანმა ემოციური გამოსვლისას თქვა, რომ ძალიან რთულია, როდესაც საშიშ სივრცეში გამოკეტილ ექიმებზე ვიღაცეები ქილიკობენ და ჭკუას ასწავლიან. 

„რაც ეს ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, სამწუხაროდ, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს, დღეს უამრავი ინფორმაცია იწერება, მინდა ვუთხრა ყველას – ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, როდესაც ერთად უნდა გადავრჩეთ, არ არის ქილიკის დრო.

სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის და დარიგების დიდი სურვილი აქვს, აი ბატონო კლინიკა, აი ბატონო სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, მოვიდნენ და იმუშაონ. სამწუხაროდ, ჩვენც გვეშინია, შეიძლება ჩვენც დავავადდეთ, გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. რაც შეეხება, ტელევიზიით პროტოკოლის შექმქმნელ თენგიზ ცერცვაძესთვის ჭკუის სწავლებას, მოუხმონ ტვინს, თუ რამე კეთილი რჩევა, აქვთ, მობრძანდნენ და მივიღებთ. ძალიან ძნელია, როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სენთან გამოკეტილ ექიმებს. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მაგრამ ძალიან მინდა, ეს სიტყვები მივიდეს იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია დაავადების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი“,-განაცხადა ლევან რატიანმა.   

Facebook Comments
%d bloggers like this: