ლევან რატიანი – მინდა ვუთხრა ყველას – მოკლეენიანებს, გრძელენიანებს – არ არის ქილიკის დრო, თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, შეუძლიათ მობრძანდნენ და სასიკვდილო სივრცეში ჩვენთან ერთად იმუშაონ

მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, არ არის ქილიკის დრო. თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ გაიდლაინთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი ატყდა. რატიანის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ის, რისიც „ყველა წამყვან ქვეყანას შურს და ამის მაგალითი არის ინფიცირების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი და გამოჯანმრთელებულების მაღალი ინდექსი“.

რატიანის განცხადებით, ძნელია, როდესაც ოთახში გამოკეტილები „სასიკვდილო სივრცეში“ შემსვლელ ექიმებს ლანძღავენ.

„მინდა გითხრათ იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინთან დაკავშირებით ატყდა. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა. სამწუხაროდ, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. დღეს ამასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია იწერება. მინდა ვუთხრა ყველას: ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებს და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ.

არ არის ქილიკის დრო, რადგან ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევა-დარიგების და ა.შ. დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო კლინიკა, აი სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმუშავონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია. ჩვენც გვეშიანია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენც შეიძლება გავხდეთ დაავადებულები, კრიტიკულები და ჩვენც შეიძლება დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით.

ტელევიზიებში გამოსვლას, ლაპარაკს, პროტოკოლის შემქმნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ჭკუის სწავლებას, ტვინს მოუხმონ. თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ. ძალიან ძნელია, როდესაც ოთახში გამოკეტილები გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს“,- განაცხადა რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: