მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, როდესაც ხედავს ქუჩაში ავტომობილების გადაადგილებას, ამიტომ კვლავ განმარტა, თუ ვის არ ეხება აღნიშნული შეზღუდვა.

„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ თანამშრომლებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და მათი გადაადგილება აუცილებელია, რათა მთავარი ფუნქციები ქვეყანაში იყოს შესრულებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„რაც უფრო ზუსტად და ზედმიწევით აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტომობილებზე შეზღუდვები 27 აპრილიდან აღარ იქნება და ის ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება.

„უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორად, ეტაპობრივად დაგეგმილი და აუცილებელია, ეს პროცესიც ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მოქმედებენ და შემდგომშიც იმოქმედებენ. უკვე ორშაბათიდან ანუ 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: