საჩხერეში შვილმა მამა ნაჯახის დარტყმით მოკლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 აპრილს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მამას – 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: