Daily mail-ლონდონში 51 წლის ექთანი კორონავირუსით სახლში მარტო გარდაიცვალა

ლონდონში 51 წლის ექთანი მამაკაცი კორონავირუსით თავის სახლში მარტო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ ცდილობდა NHS 111 -თან დაკავშირებას,-ამის შესახებ ინფორმაციას Daily mail ავრცელებს.

დონალდ სუელტოს ცხედარი პოლიციამ მისი გარდაცვალებიდან 2 დღეში იპოვა. სამართალდამცველებმა ექთანს მისი დისშვილის მოთხოვნით მიაკითხეს, რადგან ის ორი დღე ტელეფონს აღარ პასუხობდა.

„ის იზოლაციაში იყო, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პაციენტისგან კორონავირუსი გადაედო. ბოლოს მან თავის კოლეგას სთხოვა დახმარება და უთხრა, რომ სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. კოლეგამ 111-ში დარეკვა ურჩია, თუმცა როგორც ჩანს, ქსელის გადატვირთვის გამო, მან დაკავშირება ვერ მოახერხა. მე ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ როდესავ ტელეფონს აღარ პასუხობდა, მეგონა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს“,-ამბობს სუელტოს დისშვილი.

მისივე თქმით, პანდემიის დროს ბიძამისი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდა, თუმცა ამბობდა, რომ საავადმყოფოს მენეჯერი მედპერსონალს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე უარს ეუბნებოდა იმ მიზეზით, რომ საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მისი დაინფიცირების მიზეზი. 

„ჩვენ ისიც არ ვიცით, სად არის ახლა ცხედარი და არც გარდაცვალების ცნობას გვაძლევენ, ეს უსამართლობაა“,-ამბობს სუელტოს დისშვილი „დეილი მეილის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

ლონდონის ჰამერსმიტის ჰოსპიტლის მედპერსონალმა კოლეგის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: