“ერთი მაგალითი მინდა გაჩვენოთ და რამეს ხომ არ გახსენებთ (ვიდეო)-პალიკო კუბლაშვილი

“ერთი მაგალითი მინდა გაჩვენოთ და მერე ვნახოთ, რამეს ხომ არ გახსენებთ ეს ყველაფერი, რამეს ხომ არ მიამსგავსეთ” – ასე იწყებს ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვას (“სათაურით” – მე მაინც მგონია, რომ შეზღუდვების მოხსნა უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა”) პალიკო კუბლაშვილი და ორი ბოთლის ექსპერიმენტს სთავაზობს საზოგადოებას და ხელისუფლებას.
კუბლაშვილმა ერთ ბოთლში მოათავსა ლექიანი ღვინო, მეორე ბოთლში ძაბრი “ჩაამონტაჟა” და ჩაატარა ექსპერიმენტი – როგორ გავათავისუფლოთ ლექისგან საცობდახურული ღვინო, როცა ღვინის ბოთლი მთავრობაა, ხოლო ძაბრიანი ბოთლი – ჯანდაცვა.

“ღვინო გვაქვს ერთი ბოთლი, ძალიან კარგი ღვინოა, ჩემი დაწურულია სამი წლის წინ, მაგრამ ცოტა ლექი გაიკეთა ბოლოში და ჩემი მიზანი ახლა არის, რომ ეს ღვინო გათავისუფლდეს იმ ლექისგან, რომელიც მასში არის. რა მჭირდება ამისთვის? ნუ, გადაღება მჭირდება სხვა ჭურჭელში ხომ? როგორც წესი ძაბრის მეშვეობით ვაკეთებთ ამას. ძაბრზე, ამ შემთხვევაში არა, მაგრამ ზოგადად არის ან მარლა, ან ბამბა, რაღაც ის, რაც ფილტრავს ამას, ანუ რაც ლექს აკავებს და ჯანსაღ ღვინოს გაუშვებს უკვე ბოთლში. როგორ უნდა გადავიღოთ? მარტივად, ვხსნით თავს და ნელ-ნელა ვუშვებთ, ხომ? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ბოთლს, რომლიდანაც ღვინო უნდა გადავიღოთ, მთლიანად, ეგრევე ამოვაპირქვავებთ? ძაბრი ვერ გაატარებს და შესაბამისად, ბევრი დაგვეღვრება, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ღვინის ბოთლს უბრალოდ დავახურავთ თავს და დავდებთ? მოიხსნება პრობლემა? არ მოიხსნება, ლექი მაინც არის აქ და მანამდე იქნება, სანამ არ გაივლის ძაბრში.

მიხვდით ხომ რაზე ვამბობ? ეს ძაბრი არის, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ატარებს რაღაც რაოდენობას, მაგრამ ბევრს – ვერა, ამიტომ ამ ძაბრში უნდა მოხდეს, ნელ-ნელა, ისე რომ არ დაიღვაროს, მაგრამ თავდახურული ღვინის ბოთლი არის ის, რასაც ახლა მთავრობა აკეთებს – დაკეტა ყველაფერი და გონია, რომ პრობლემა მოგვარდა. არ მოგვარდება, მიზანი მისაღწევია, ეს ღვინო საბოლოო ჯამში ლექისგან უნდა გათავისუფლდეს, დაავადებისაგან, ვირუსისგან უნდა გათავისუფლდეს, ამიტომ მე მგონია, რომ ღვინის ბოთლს თავი უნდა მოვხსნათ და უნდა გადავიღოთ სხვა ბოთლში. აი, ამ ძაბრიან ბოთლში “ჯანდაცვის სისტემის გატარებით”, ოღონდ ნელა უნდა დავასხათ, რომ არ დავღვაროთ. ჩემი რჩევა ეს არის” – ექსპერიმენტის ბოლოს პალიკო კუბლაშვილმა ლექიანი ღვინო ძაბრიან ბოთლში გადაიტანა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: