მედია – კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაშია, გარდაცვალების შემთხვევაში ქვეყანას მისი და უხელმძღვანელებს

ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანას მისი და, კიმ იო ჩჟონი უხელმძღანელებს,-ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გაზეთი Yomiuri საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2019 წელს, პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე მიღებულ იქნა შიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული სიტუაციის დროს, ქვეყნის სათავეში მოქმედი ლიდერის ნაცვლად მისი უმცროსი და, კიმ იო ჩჟონი მოვა. ძალაუფლების გადაცემა კიმ ჩენ ინის გარდაცვალების, ან შრომის უუნარობის შემთხვევაში მოხდება. 

21 აპრილს ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამხრეთ კორეული გამოცემის, Daily NK-ის თანახმად კი, კიმ ჩენ ინი გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო, არაერთხელ იყო ჰოსპიტალიზებული. გამოცემა აზუსტებს, რომ კიმ ჩენ ინი ძალიან ბევრს ეწევა, ამასთან , ჭარბწონიანია, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

აშშ-ს ლიდერის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ კიმ ჩენ ინი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, საქმე ძალიან სერიოზულადაა და მას გამოჯანმრთელებას უსურვებს, თუმცა მისივე თქმით, ინფორმაცია არაფრით არის გამყარებული, ხოლო CNN-ს დიდად არ ენდობა. 

ინფორმაციის უარყოფას არ ჩქარობს ჩრდილოეთ კორეა, ექსპერტების თქმით კი, 15 აპრილს ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე კიმ ჩენ ინის არყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ჩრდილო კორეის ლიდერი მართლაც ავადაა. 

კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩჟონი 31 წლისაა, ის ქვეყანაში ძმის შემდეგ მეორე გავლენიანი პირია. წლების წინ კიმ ჩენ ინთან ერთად შვეიცარიაში სწავლობდა. ბოლო წლებში, ძმასთან ერთად ესწრებოდა თითქმის ყველა ოფიციალურ შეხვედრას. 

Facebook Comments
%d bloggers like this: