“ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს”

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ის შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დააწესა მთავრობამ, ხალხს დაამტებით პრობლემებს უქმნის.

როგორც ინაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, აკრძალვები ადამიანებს ტანჯავს.

“ახლა ვილაპარაკოთ რა არის სწორი და რა არასწორი – ჩვენ სწორად არ მიგვაჩნია კომენდანტის საათი და მის საჭიროებას ვერ ვხსნით. არ მიგვაჩნია ასევე სწორად ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვა. ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის რომ ეპიდემიას დავუპირისპირდეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის დავტანჯოთ ადამიანები. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნა მიღებული  ავტომანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ტანჯვასთან.

ასევე, არ არის სწორი რომ საკვები პროდუქტების მაღაზია მუშაობს და აკრძალულია სხვა პროფილის მაღაზიების მუშაობა. თუ ადამიანს გაუფუჭდება ტელეფონი, მას ვერც იყიდის, ვერც ვერავის შეაკეთებინებს. ასევე ხელოსანს ვერ მოიყვანს. უამრავი სპექტრია პრობლემების. არ არის საჭირო საგანგებო ვითარების გაგრძელება,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი განცხადებით, არ არის სწორი საზოგადოებაში პანიკის შექმნა.

“ჩემი თხოვნაა ნუ დავემსგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს. არ არის სწორი ეკონომიკის გაჩერება ამდენი ხნის მანძილზე. ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ისედაც გაჭირვებული ხალხი აღმოჩნდება სიღატაკეში და მე ვერ ვხედავ, რომ არსებობს გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ სიღატაკიდან ჩვენი თანამოქალაქეები,” – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: