ბრიტანეთი – სოციალური დისტანციის შემსუბუქებამ შესაძლოა, პიკი ხელმეორედ გამოიწვიოს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირებისთვის შემოღებული შეზღუდვების დროზე ადრე შემსუბუქებამ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი პიკი გამოიწვიოს. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაუნინგ სტრიტზე გამართული ბრიფინგის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა. 

დომინიკ რააბის თქმით, დააავადების განმეორებითი აფეთქების გამო, შესაძლოა, კარანტინის გაცილებით მეტი დროით შემოღება გახდეს საჭირო, რაც ეკონომიკის დაღმასვლას გააძლიერებს. მისივე თქმით, ქვეყანა ჯერ კრიზისიდან არ გამოსულა.

სამედიცინო საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა კრის უიტიმ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზოგიერთმა აკრძალვამ ვაქცინის შექმნამდე უნდა იარსებოს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წელიწადზე ნაკლები დრო დაჭირდება.

ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 18 100 ადამიანია გარდაცვლილი. მარტო 21 აპრილს 24 საათის განმავლობაში 763 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის აფეთქების პიკში იმყოფება და ხელისუფლება შეშფოთებით ადევნებს თვალს, როდის დაიწყება შემთხვევების კლება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტლების გარდა, ადამიანები საკუთარ სახლებშიც იღუპებიან და შესაძლოა, მათი რიცხვი 41 000-მდე იყოს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: