ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება

Nusagi


„გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“ ,- განაცხადა მთავრობის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


პროფესორ კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეული სტილი დაბრუნდება, თან მალე. მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით მკურნალობა იქნებოდა თუმცა, მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირეა.

„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება“ .-განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.
„ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“.

უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დამატებით 759 ადამიანი შეიწირა ვირუსმა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა. პროფესორი უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდეს კორონავირურთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უცაბედ კლებას და გაქრობას.
„გრაძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება“ აცხადებს პროფესორი.
„ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს… ან ძალზედ ეფექტური პრეპარატი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ, ან მოწყვლად მოსახლეობაში უნდა მოხდეს პრევენცია“.
პროფესორი უიტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მრავალი განსხვავებული გზა არსებობს იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს.

„იმ ადამიანებს ვითვლით, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაიღუპა, თუმცა სხვები ირიბად კვდებიან, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევით პროცედურებსა და სკრინინგს ნაკლებად მივმართავთ“.
მან ასევე ბრძანა, რომ დანერგილი ინტერვენციები ადამიანებს შორის ურთიერთობის აღკვეთის არეალს აფართოებს, რაც გრძელვადიან პერიოდში ზრდის მათი ჯანმრთელობის რისკებს.
„ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“,-განაცხადა მან.
მისი აზრით მინისტრებს მოუწევთ შეზღუდვების სანაცვლოდ სწორი შეთავაზებების გაკეთება.
სამედიცინო საკითხებში მთავრობის მთავარი მრჩეველი და სხვა ექსპერტები ხშირად ახსენებენ, რომ ერთადერთი უსაფრთხო და გრძელვადიანი გზა კორონავირუსის ეპიდემიიდან გამოსვლისთვის ვაქცინის ან ქმედითი პრეპარატის აღმოჩენაა.
ამიტომ, პროფესორ უიტის ბოლო კომენტარები დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა, თუმცა ცივ წყალს ასხამს ნებისმიერ იდეას იმის თაობაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება ზაფხულში ან თუნდაც შემოდგომაზე.
ვაქცინა და პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა მომდევნო წლამდე გამოჩნდეს და მანამდე სოციალური დისტანცირების გარკვეული ფორმაა საჭირო უიტის აზრით.
თუმცა, ეს ნამდვილად არ გულისხმობს, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს.
სკოლები, ზოგიერთი სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება გაიხსნას არც-ისე-შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.
ბრიტანული მედიის ცნობით, პროფესორი უიტი მრჩეველია და გადაწყვეტილება პოლიტიკოსების პრეროგატივაა. მათ მოუწევთ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გავლენის აწონ-დაწონა, თან გადაწყვეტილებას – როგორც თავად ამბობენ – მეცნიერებთან თანხმობით მიიღებენ.
ბრიფინგზე ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა.

„სოციალური დისტანცირების ზომების დროზე ადრე შემსუბუქება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მეორე პიკის საფრთხეს ქმნის“-განაცხადა მან.
მისივე ინფორმაციით, „თუ ასე მოხდა, მეორეჯერ მოგვიწევს დახურვა, რაც მთელს ქვეყანაში ეკონომიკურ ტკივილს გაახანგრძლივებს“.
რააბი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია ბორის ჯონსონის სრულ გამოჯანმრთელებამდე, აცნობიერებს საზოგადოების ნერვულ, ფიზიკურ და ეკონომიკურ დაძაბულობას სოციალური დისტანცირების ზომების გამო მთელი სამეფოს მასშტაბით, თუმცა ამბობს, რომ „გარკვეული დროის განმავლობაში ზომები უნდა შენარჩუნდეს“.
სერ ნიკ კარტერი, სამხედრო გენერალი და გენშტაბის უფროსი ასევე შეუერთდა მთავრობის წარმომადგენლებს ოთხშაბათის პრეს-კონფერენციას და კორონავირუსის მიმართ სამხედრო რეაგირება განმარტა როგორც „უდიდესი ცალკეული ლოგისტიკური გმირობა“ მისი 40 წლის მსახურების განმავლობაში.
კარტერის ინფორმაციით, სამხედროები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მონაწილეობას იღებდნენ გეგმების შემუშავებასა და ტესტირების პროცესში, თან საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხმარებოდნენ რეპატრიაციის განხორციელებაში.
მან იქვე დასძინა, რომ სამხედროები ამზადებდნენ მობილურ და იოლად ასაგებ-დასაშლელ კონსტრუციებს საველე ტესტირების ცენტრების ფუნქციონირებისთვის, რათა ახალ კორონავირუსზე მეტი ადამიანის შემოწმება ყოფილიყო შესაძლებელი ქვეყანაში.
მანამდე მთავრობა დაჟინებით აცხადებდა, რომ დღეში 100 000 ადამიანის ტესტირების სამიზნე ორიენტირს აპრილის ბოლომდე შეასრულებდა, ე.ი. ორშაბათის მონაცემებით 82 000 ადამიანით უნდა გაზრდილიყო მაჩვენებელი.
ლეობორისტული პარტიის ლიდერი კეირ სტარმერი, რომელიც ჩრდილოვანი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წარსდგა ბრიფინგზე, აცხადებდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ძალიან დააგვიანდა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება ტესტირების საკითხში.
მან კითხვა დასვა, როგორ წარმოედგინა მთავრობას სულ რაღაც რვა დღეში 18 000 ადამიანის ტესტირებიდან 100 000 ადამიანამდე ამ მაჩვენებლის გაზრდა.
რააბი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ტესტირების შესაძლებლობები დღეში ამჟამად 40 000 ადამიანს იტევს, თუმცა პროცესში ახალი ლაბორატორიების ჩართვის შედეგად მთავრობა სამიზნე ორიენტირსაც დააკმაყოფილებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: