საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 420-მდე გაიზარდა

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობამ 420 შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში სულ 313 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, გამოჯანმრთელებულია სულ 53 პაციენტი, გუშინდელი ტესტირებისას მხოლოდ ერთთან დადასტურდა განმეორებით უარყოფითი მაჩვენებელი და მან დატოვა საავადმყოფო.

​ინფექციურში მოთავსებული 7 მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტი არ არის საბოლოო პასუხს მომცემი, ის აუცილებლად უნდა გადამოწმდეს „პისიარ“ ტესტით. ასევე, უნდა გამოიკითხოს ავადმყოფი, უნდა მოხდეს დიფერენცირება, დაავადების მერამდენე დღეა და ამის მიხედვით გაკეთდეს ტესტი ანტიგენზე, ან ანტისხეულებზე. 

„ქვეყანაში არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  

Facebook Comments
%d bloggers like this: