ვოლოდიმირ ზელენსკის ქართველი თანაპარტიელი საქართველოს დიპლომატიური პრობლემებით ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ საქართველო უკრაინიდან ელჩს გაიწვევს, ეს ოფიციალურ თბილისს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა. 

„რატომ ნერვიულობენ საქართველოში? ამაზე რეაქცია გაცილებით მშვიდი უნდა ყოფილიყო. ვიღაცა ინიშნება არა პირველ ან მეორე პირად, არამედ ვიცე-პრემიერად. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაური სანახავია, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე ჩვენზე გაცილებით პატარა ქვეყანაში ასეთი რეაქციაა. თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები შეგვექმნა, საქართველოს ეს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. საქართველო აშშ არაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრის, მას, როგორც წარმოშობით ქართველს, კარგად ესმის, როგორი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართ თბილისში.

„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვასწავლის, ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ – არა. ეს მცდარი რიტორიკაა. ჩვენ და მოძმე ქართველი ხალხი საერთო ენას გამოვნახავთ“, – აღნიშნა არახამიამ და დასძინა, რომ კარანტინის დაწესებამდე უკრაინა საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებდა და თბილისი ტურისტების ამ სეგმენტის დაკარგვას არ ისურვებს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: