თეთრი სახლი: მედია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინანმა განაცხადა, რომ მედიამ ტრამპის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს, კონტექსტიდან ამოგლიჯა. 

„პრეზიდენტმა ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკელებმა ექიმებს უნდა მიმართონ კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნული პოზიცია გუშინ გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა. მედია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს კონტექსტიდან უპასუხისმგებლოდ იღებს და ნეგატიურ სათაურებს ავრცელებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს.

„სადეზინფექციო საშუალება ერთბაშად გათიშავს ვირუსს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი შეყვანა პაციენტის ორგანიზმში. სადეზინფექციო საშუალება ფილტვებში მოხვდება. საინტერესოა ამის შემოწმება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, თუ რომელ სადეზინფექციო საშუალებას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: