თუ პოლიტიკურ ოპონენტებს 3000-ლარიანი ჯარიმა ებევრებათ, უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგას

თუ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ებევრებათ 3000 ლარიანი ჯარიმა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე, და ასევე დგას მათი ოჯახებიც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჯარიმებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯარიმები საჭიროა, არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, არამედ იმ ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელიც რეგიონისა თუ რაონის ჩაკეტვას მოჰყვება.

„არაერთი კრიტიკული მოსაზრება მოვისმინე ოპონენტებისგან სანქციებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი მთავარი არგუმენტი პირველ რიგში, რომ ის, რაც ჩვენი ოპონენტებისთვის არის ჯარიმა ან სანქცია, ჩვენი სხვა თანამოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის არის მყისიერი საფრთხე ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის.

თქვენ იცით, რომ ექიმებმა, ექთნებმა, ეპიდემიოლოგებმა კოლოსალური სამუშაო გასწიეს, იცით თუ რამხელაა რისკები ნებისმიერი ჩვენგანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შემთხვევაში, რომ შესაძლებელია, ამან გამოიწვიოს მცირე ეპიდაფეთქება, შესაძლებელია გამოიწვიოს რაიონის ან რეგიონის ჩაკეტვის და მკაცრი კარანტინის საჭიროება, რითაც არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ, არამედ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა და სხვა ოჯახები.

თუ ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ებევრებათ 3000 ლარიანი ჯარიმა , მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მეორე მხარეს დგას ადამიანების ჯანმრთელობა, სიცოცხლე, რომელიც შეუფასებელია და ასევე დგას მათი ოჯახებიც და ჩვენი ქვეყნის რაიონების, სოფლების თუ ქალაქების ეკონომიკა, რომელიც ბევრად აღემატება 3000 ლარს. შესაბამისად, ჩვენ ამ არგუმენტებით ვხელმძღვანელობდით, როცა ვაწესებდით იმ სამართლიან საქნციებს, რომელიც დღესდღეობით არის მიღებული. ამ მომენტისთვის არანაირი მსჯელობა ამ ჯარიმების გაუქმებაზე არ ყოფილა, შესაბამისად, მისი გაუქმება არ არის დაგეგმილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: