საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და და ექიმები გმირებიდან „ცუდ ბიჭებად“ გადაიქცნენ-POLITICO

საზოგადოების ნაწილისთვის მეცნიერები საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან ასოცირდებიან, რის გამოც ექიმები მათ თვალში გმირებიდან „ცუდ ბიჭებად“ გადაიქცნენ, პოლიტიკოსები კი, მათ დასაცავად არაფერს აკეთებენ, -ამის შესახებ politico წერს.

გამოცემა აშშ-ს, იტალიის, გერმანიისა და ბრიტანეთის მაგალითზე აღწერს ჯანდაცვის მუშაკთა მიმართ აგრესიის სამწუხარო ტენდენციას. 

„ამერიკელები მადლობის ნიშნად, აშშ-ს ინფექციური დაავადებების მთავარ სპეციალისტს, ენტონი ფაუჩის გამოსახულებებით ტორტებს რთავდნენ, ახლა კი მის გადადგომას ითხოვენ“,-წერს გამოცემა, თუმცა აღნიშნავს, რომ ფაუჩი მარტო არ არის. მის იტალიელ კოლეგას, ვალტერ რიკარდის  თითქმის ყოველდღე უხდება ყოფილი შს მინისტრის, პოპულისტი მატეო სალვინისა და მისი მომხრეების თავდასხმის მოგერიება იმის გამო, რომ რიკარდი კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღის ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ითხოვს. 

 „მე მიმაჩნია, რომ მეცნიერის მორალური პასუხისმგებლობაა, ყოველთვის  სიმართლე ილაპარაკოს“,-განაცხადა რიკარდიმ POLITICO-სთან ინტერვიუს დროს. 

Covid-19-ის პანდემიამ მეცნიერები უჩვეულო მდგომარეობაში ჩააყენა. ნაკლებად ცნობილი ეპიდემიოლოგები და ვირუსოლოგები ახლა კამერების წინ დგანან და ადამიანებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლებში და დახურონ ბიზნესები. ამ დროს კი, პოლიტიკოსები ხელებს შლიან და ამბობენ, რომ მეცნიერების რჩევებს ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, ექიმები და სამედიცინო ექსპერტები თავდასხმების სამიზნეები აღმოჩნდნენ. 

ჯანდაცვის გერმანელმა ექსპერტმა, კრისტიან დროსტენმა მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ბრიტანეთის ხელისუფლებამ კი, განაცხადა, რომ არ გაასაჯაროებს სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი მეცნიერების სახელებს მათივე უსაფრთხოებისთვის. 

ექიმების მიმართ აგრესიას თან ერთვის ვირუსის წარმოშობაზე და ვაქცინის შექმნაზე შეთქმულების თეორიების ტირაჟირება, რასაც კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სანდერ ვან დენ ლინდენი კატასტროფას უწოდებს.  

„იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანები აღარ უჯერებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს და ეწინააღმდეგებიან მათ, ქვეყანა ველურ დასავლეთს ემსგავსება“,-ამბობს ვად დენ ლინდენი.

მეცნიერებზე თავდასხმების წამხალისებლები უმეტეს შემთხვევებში პოპულისტი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ახერხებენ საზოგადოების ნაწილის დარწმუნებას, რომ ვირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნა იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანების საყოველთაო ვაქცინაცია ჩაატაროს. ანტი-ვაქსერების თავდასხმების სამიზნე კი, ფილანტროპი-მილიარდერი ბილ გეითსია. ვრცელდება ასეთი სახის ჰეშტეგები : #BillGatesIsNotOurFriend ( ბილ გეითსი არ არის ჩვენი მეგობარი), #BillKills ( ბილი კლავს) და #BillGatesisEvil(ბილ გეიტსი ეშმაკია).

ბრისტოლის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგიის პროფესორი სტეფან ლევანდოვსკი ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში 10 წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც კლიმატის ცვლილებებზე საუბრის გამო, მოწინააღმდეგეებისგან მუქარებს იღებდა და მოკვლით ემუქრებოდნენ. 

„ჩემნაირი მეცნიერები, ეპიდემიოლოგები და კლიმატოლოგები ყოველთვის ასეთი დილემის წინაშე ვართ. ჩვენს ნათქვამს ზოგი ადამიანი პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს“,-განაცხადა მან. მართლაც, ბრიტანეთში სამეცნიერო ექსპერტებს მწვავედ აკრიტიკებენ და ხელისუფლებასთან კავშირში სდებენ ბრალს.

ორშაბათს ფაუჩიმ მისი გადადგომის მოთხოვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ კარგად ესმის ადამიანების გულის ტკივილი.

„ვფიქრობ, ეს მოთხოვნა იმას უკავშირდება, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მართლაც მტკივნეული მდგომარეობაა შექმნილი, მაგრამ თუ ვირუსს კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, ეკონომიკის აღდგენას ვერავინ მოახერხებს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: