6 წლამდე პატიმრობის მუხლი არსებულ საგანგებო რეჟიმში არ იმოქმედებს – ანრი ოხანაშვილის განმარტება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით სასჯელზემიღებული კანონი  დღეს მოქმედ საგანგებო რეჟიმის პირობებში არ იმოქმედებს.

მისი თქმით, დღეს მოქმედებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 3 წლამდე ვადით.

“ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ მიღებული რეგულაცია დღეს საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება. დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. ეს ნიშნავს – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 6 წლამდე პატიმრობის საკითხიც განმარტა.

მისი თქმით, თუ პირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დადგენილ წესებს განმეორებით დაარღვევს, სასჯელი იქნება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამ შემთხვევაში სასჯელს შეუფარდებენ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.

“იყო სპეკულაციები, თითქოს ავტომატურად 6 წლის შეფარდება მოჰყვება. ეს არის ტყუილი. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს თუნდაც 1 დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაძლებელია კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღონ და პირს მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დააკისრონ 1 დღით, 1 თვით ან 1 წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: