NCDC: არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას

სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას- ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. imedinews-ი მას უცვლელად გთავაზობთ.

„მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში.

საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ არ თვლის საჭიროდ შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულიად გამჭვირვალეა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებ-გვერდი, ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი, ლაივ-ჩართვები მედიაში, სპეციალური ბრიფინგები) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დამატებით, ნებისმიერ რესპოდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას.

ცენტრისთვის უწინარესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა, მისი ხელშეწყობა და გაუმჯობესება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვით, მუშაობდა, მუშაობს და კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს ახალი კორონავირუსის ეპიდემიას“- წერია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: