„ესპანური გრიპიდან“ covid19-მდე- რა ასწავლა კაცობრიობას 100 წლის წინანდელმა პანდემიამ

1918 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკში პოლიციელებმა 500 ადამიანი დააპატიმრეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქუჩაში, ტროტუარზე აფურთხებდნენ. მეგაპოლისის ხელისუფლება მოქალაქეების მანერების ან სისუფთავის გამო სულაც არ იყო შეშფოთებული – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხველება და ფურთხება მერიამ გრიპის გამო აკრძალა. 

ყველაზე განვითარებული ქვეყნების მედიკოსები გაოცებულნი იყვნენ – წინა პანდემიებისგან განსხვავებით, ახალი დაავადება ყველაზე მეტად ბავშვებს და მოხუცებს კი არ ერეოდა, არამედ ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს 20-დან 40 წლამდე. 

წლის ბოლოს ექიმებმა საკმაოდ შემაშფოთებელი დასკვნა დადეს: დაავადებით, რომელსაც სახელად ესპანური გრიპი ეწოდა, 550 მილიონმა ადამიანმა იავადმყოფა,- პლანეტის მოსახლეობის მესამედზე ოდნავ ნაკლებმა. გრიპმა სხვადასხვა მონაცემებით, 50-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათჯერ მეტი, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებში სამხედრო ცენზურის გამო, დაავადების მასშტაბებს მალავდნენ, რათა მოსახლეობაში პანიკა არ დაეთესათ. 

მიუხედავად სახელწოდებისა, „ესპანური გრიპის“ პირველწყარო ესპანეთი არ არის და არც ესპანეთია ყველაზე მეტად დაზარალებული მისგან. დაავადების თავდაპირველი აფეთქება პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, შესაბამისად, მისი მთავარი მონაწილეები: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი – ცდილობდნენ, არ გახმაურებულიყო მსხვერპლის რეალური რაოდენობა, რათა მტერი არ გაეხარებინათ და თავისი ხალხი არ შეეშინებინათ. ამ ომის დროს ესპანეთი ნეიტრელიტეტს ინარჩუნებდა და შესაბამისად, პრობლემის დამალვა არაფერში ჭირდებოდა. პირველი ცნობები ამ გრიპზე სწორედ ესპანეთმა გაახმაურა. გაჩნდა მცდარი მოსაზრება, რომ 1918 წელს ესპანეთი გრიპისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, თუმცა რეალურად ეს ასე არ მომხდარა. საბერძნეთში, სერბეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. (რომ არაფერი ვთქვათ აფრიკაზე, სადაც მსხვერპლი განსაკუთრებით დიდი იყო). რაც შეეხება გრიპის გეოგრაფიულ წარმოშობას, ეს საკითხი დღემდე განხილვის თემაა. ჰიპოთეზებს შორისაა აღმოსავლეთ აზია, ევროპა და კანზასი.

იმდროინდელი დოკუმენტები აშკარად მიუთითებენ ამერიკულ კვალზე. 1918 წლის თებერვალში კანზასის შტატის ჰასკელ-ქაუნთიდან ექიმმა ლოურინგ მაიერმა სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურს გაუგზავნა შეტყობინება გრიპის ეპიდემიის შესახებ, ექიმი წერდა, რომ ქალაქის აფთიაქებში გრიპის საწინააღმდეგო წამლებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. პროვინციელი ექიმის პანიკურ დეპეშას ყურადღება არავინ მიაქცია. თუმცა მალე, ამავე ქალაქიდან კემპ-ფასტონის სამხედრო ნაწილში ჩასულმა ახალწვეულებმა 1100 ადამიანი დააინფიცირეს, რომელთაგან 38 გარდაიცვალა. შემთხვევა ახლომდებარე სამხედრო ბანაკ ფორტ-რაილიში განმეორდა, სადაც გრიპი სამზარეულოში მომსახურე პირს შეეყარა, საუზმის შემდეგ კი, ლაზარეთში 100 სამხედრო მოათავსეს, კვირის ბოლოს მათი რიცხვი 500-მდე გაიზარდა. 41 მათგანი ფრონტზე გამგზავრებამდე გარდაიცვალა. 

აშშ-დან გრიპმა საფრანგეთის სანგრებში გადაინაცვლა, შემდეგ კი, მშვიდობიან მოსახლეობას შეუტია. პორტებიდან აფრიკასა და აზიისკენ გაემართა. ზამბიაში მოსახლეობის 21% მოკლა. ესპანურმა გრიპმა რეკორდი წყნარ ოკეანეში მდებარე გერმანიის კოლინიაზე, სამოას კუნძულებზე დაამყარა, სადაც ყოველი მეოთხე ადამიანი დაიღუპა. 

არსებობს ჰიპოტეზა, რომ ვირუსი, რომელმაც დედამიწაზე ბოლო ხანს გავრცელებული „ღორის გრიპი“ გამოიწვია, სწორედ იმ „ესპანური გრიპის“ ვირუსია, რომელმაც 1918 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 5% იმსხვერპლა. თუმცა, ღორის გრიპი არ არის ისეთი სასიკვდილო, როგორც ესპანური. მას შემდეგ ის საკმაოდ შეცვლილია. სპეციალისტების თქმით, შტამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაჩნდა, „საკმაოდ განსხვავდება“ 1918 წელს გავრცელებული H1N1 ვირუსის პირველადი შტამისგან. 

„ესპანური გრიპისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები თავიდან ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის. თუმცა, ჯანმრთელი ადამიანი, როგორც წესი, შეუძლოდ დილით ხდებოდა, საღამოს კი, სისხლს ახველებდა. კიდევ რამდენიმე საათში დიდი ალბათობით, სიკვდილი დგებოდა. იმ დროს ანტიბიოტიკები არ არსებობდა და ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ემკურნალათ, მაგრამ დაავადების გართულებებს ვერაფერს შველოდნენ.

„ესპანურ გრიპს“ სამი ტალღა ჰქონდა. 1918 წლის დასაწყისში პანდემიით გარდაცვალების შემთხვევები შედარებით ნაკლები იყო. მეორე ტალღის დროს კი, რომელიც იმავე წლის ოქტომბერ-დეკემბერში გამძვინვარდა, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა სასიკვდილო ვირუსი თავიანთ ქალაქებში ჩაიტანეს.

მესამე ტალღა 1919 წლის გაზაფხულზე დაიწყო და პირველზე სერიოზულად მიმდინარეობდა, თუმცა ისეთი საშინელი არ იყო, როგორიც მეორე. 

თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მაღალი სიკვდილიანობა მეორე მსოფლიო ომის დროს, გამოწვეული იყო მაშინდელი პირობებით, რომლებიც გრიპის გავრცელებას ხელს უწყობდა: სანამ ისინი, ვისაც დაავადების იოლი ფორმა ჰქონდა, სახლში რჩებოდნენ, სერიოზული სიმპტომების მქონე პაციენტები საავადმყოფოებსა და სამხედრო ჰოსპიტლებში გროვდებოდნენ, რამაც ვირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. 

აშშ-ში სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალი იყო აბორიგენ მოსახლეობას შორის: იხოცებოდა აბორიგენების  მთელი თემები. ამის სავარაუდო მიზეზად ის სახელდება, რომ ამ ხალხს ადრე არსებული შტამები არ ჰქონდათ გადატანილი. მიუხედავად ამ მიზეზებისა, 20%-იანი სიკვდილიანობა გაცილებით მეტია ჩვეულებრივ, ტიპიურ გრიპზე, რომელიც ინფიცირებულთა მხოლოდ 1%-ს კლავს. 

ასევე, არსებობს ჰიპოთეზა, რომ „ესპანური გრიპით“ დაავადებულთა დიდი ნაწილი სინამდვილეში ასპირინით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა: მაშინდელი მედიცინა პაციენტებს ამ პრეპარატის დიდ დოზებს უნიშნავდა- 30 გრამამდე დღეში. შედარებისთვის- დღეს ასპირინის მაქსიმალური უსაფრთხო დოზა დაახლოებით 4 გრამს შეადგენს დღეში. ასპირინის დიდმა დოზებმა შესაძლოა, საშიში გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, პირველ რიგში- შინაგანი სისხლდენა. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა: რაიონებში, სადაც ასპირინი არ ჰქონდათ, „ესპანური გრიპით“ გარდაცვალების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო.

ექიმები „ესპანური გრიპის“ პანდემიას კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სამედიცინო კატასტროფად მიიჩნევენ. და საქმე მხოლოდ გარდაცვლილთა სიმრავლეში არ არის. ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჯანმრთელი იმუნური სისტემა გრიპს კარგად უმკლავდება, მაგრამ მისი ნაირსახეობა, რომელმაც 100 წლის წინ ცელით გადაუარა დედამიწას, ორგანიზმში ისეთი სისწრაფით ვითარდებოდა, რომ უძლიერეს ციტოკინურ შტორმს-ორგანიზმის იმუნური სისტემის პოტენციურად ლეტალურ რეაქციას იწვევდა. იმუნური უჯრედები ციტოკინებს გამოყოფენ, რომლებიც ააქტიურებენ ასეთივე იმუნურ უჯრედებს და შესაბამისად, ასტიმულირებენ ახალი ციტოკინების წარმოქმნას. ცოტა ხანში ციტოკინური შტორმი მთელ ორგანიზმს მოიცავს და პაციენტის სიკვდილს იწვევს.

იმუნური სისტემის ასეთი რეაქცია საბედისწერო აღმოჩნდა მილიონობით ახალგაზრდისთვის- მათი ჯანმრთელი ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ ირაზმება და შედეგად, პაციენტს თავისივე იმუნური სისტემა კლავს. აღსანიშნავია, რომ ხანში შესულები ნაკლებად დაზარალდნენ, რაც შესაძლოა, 1830 წელს გავრცელებული მსგავსი შტამის მიმართ ანტისხეულებს უკავშირდება. 

2018 წლის შემოდგომის საშინელი აფეთქების შემდეგ (მარტო ფილადელფიაში რამდენიმე დღეში  4597  ადამიანი დაიღუპა) „ესპანური გრიპის“ პანდემია ნოემბერში მინელდა და შემდგომი წლის გაზაფხულის შემდეგ, თავისით ისე გაქრა, რომ ვაქცინა არ შექმნილა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, 1918 წლის ვირუსმა სწრაფი მუტაცია განიცადა შედარებით ნაკლებად ლეტალურ შტამამდე. ეს გრიპის ვირუსისთვის ჩვეული ამბავია: პათოგენური ვირუსები დროთა განმავლობაში ნაკლებად საშიში ხდებიან, რადგან გაცილებით მძიმე შტამების მასპინძლებს გარდაცვალების ტენდენცია ახასიათებთ. 

მართალია ახლანდელი კორონავირუსი და მისგან გამოწვეული დაავადება Covid-19 „ესპანურ გრიპთან“ შედარებით მსუბუქი ფორმისაა, აუცილებელია, დავინახოთ, რა ისწავლა კაცობრიობამ „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს და გამოგვადგება თუ არა დღეს ეს გაკვეთილი.

„ესპანურმა გრიპმა“ ბიძგი მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად, რადგან მეცნიერებმა და ხელისუფლებებმა გააცნობიერეს, რომ მსგავსი პანდემიები ამიერიდან უფრო სწრაფად განვითარდებოდა, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. უკვე აღარ იქნებოდა საკმარისი ადამიანების მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალ-ცალკე. ქალაქის პირობებში პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია რესურსების მობილიზება ზუსტად ისე, როგორც ომის დროს ხდება: მოათავსონ კარანტინში ყველა, ვისაც დაავადების ნიშნები აქვს, გააცალკევონ ისინი, ვისაც იოლი სიმპტომები აქვს მათგან, ვისაც გართულებული ფორმა აღენიშნება. შეუზღუდონ ადამიანებს გადაადგილება, რათა ეპიდემია მინელდეს. 

ის მეთოდები, რასაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ  Covid-19-ის გავრცელების წინააღმდე , სწორედ ის არის, რაც ჩვენ „ესპანურმა გრიპმა“ გვასწავლა, თუმცა კაცობრიობას ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. 

ბევრს მიაჩნია, რომ კარანტინის მკაცრი წესები ეკონომიკისთვის დამღუპველია, თუმცა აშშ-ში „ესპანური გრიპის“ ეპიდემიის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს მცდარი დილემაა. ქალაქები, რომლებმაც გაცილებით გადამწყვეტი ზომები გაატარეს ინფექციასთან ბრძოლისთვის- ადრე შემოიღეს კარანტინი და დიდხანს შეინარჩუნეს, უფრო ადრე გამოვიდნენ კრიზისიდან. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერისიტეტის კვლევებით გამოჩნდა, რომ 1918-1919 წლის პანდემიის შემდეგ, ქალაქები, რომლებმაც უფრო მკაცრად დაიცვეს შეზღუდვები, ეკონომიკა გაცილებით ჩქარა აღადგინეს. 

მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არა მხოლოდ აფერხებდა ინფექციის სწრაფ გავრცელებას, არამედ ეკონომიკის ჩქარი ტემპით აღდგენისთვის ნიადაგს ამზადებდა.

ქალაქებში, რომლებიც სხვებზე 10 დღით ადრე ჩაიკეტა, შემდგომი 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკა 5%-ით სწრაფად იზრდებოდა. სოციალური დისტანციის 50 დღით ზედმეტი პერიოდი კი, წარმოებაში დასაქმების 6,5%-ით მეტ ზრდას უზრუნველყოფდა. ამავდროულად, ქალაქებში, სადაც კარანტინი 60 დღეზე ნაკლები გაგრძელდა, საბანკო სექტორს გაცილებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამგვარად, დღეს გავრცელებული პოპულარული იდეა, რომ აუცილებელია, არჩევანი გავაკეთოთ ეკონომიკურ აქტივობასა და ვირუსთან ბრძოლას შორის, ისტორიული გამოცდილებით არ დასტურდება.

100 წლის წინ აშშ-ს ქალაქები, რომლებმაც მკვეთრი რეაგირება გააკეთეს პანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკა სხვებზე სწრაფად აღადგინეს. კვლევის ავტორების თქმით, 100 წლის განმავლობაში ეკონომიკის სტრუქტურა გამოიცვალა- მაგალითად, შემცირდა წარმოების წილი და  გაიზარდა -მომსახურების. გარდა ამისა, „ესპანური გრიპი“ ახლანდელი კორონავირუსისგან განსხვავებით, გაცილებით საშიში იყო შრომისუნარიანი ასაკისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მკვლევარები ამბობენ, რომ „ესპანური გრიპის“ პანდემიის გაკვეთილები დღევანდელი კრიზისისთვის სავსებით გამოსადეგია. 

ამჟამად მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის, თუმცა არსებული რეალობა მეოცე საუკუნის დასაწყისისგან საკმაოდ განსხვავებულია. მაშინ არ არსებობდა ანტიბიოტიკი გრიპის ბაქტერიული გართულებებისგან თავის ასარიდებლად, დღეს მეცნიერებმა უკეთ იციან, როგორ უნდა შეაკავონ ინფექციის გავრცელება. დროთა განმავლობაში, შეიძლება ვაქცინა, ან პრეპარატი შეიქმნას, თუმცა ახლო მომავალში ვირუსული ინფექციები ადამიანების მუდმივი თანამგზავრები იქნებიან. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ყველა ეპიდემია კარგად იქნას შესწავლილი  და სწორი დასკვნები გამოტანილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: