“მიკვირს და თან მიხარია, რომ ჩვენთან მედიის წარმომადგენლები არ ინფიცირდებიან”

ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ ჩვენთან, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც არ ინფიცირდებიან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. მაგალითად, იტალიაში 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ მათ ღმერთი იფარავს და მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, რადგან მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ თუნდაც, სოციალური დისტანცირების დარღვევა, რომ ინტერვიუს ასაღებად რესპონდენტთან ახლოს მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
გადაცემის წამყვანმა თენგიზ ცერცვაძეს ჰკითხა, უნდა მოიცვას თუ არა მასობრივმა ტესტირებამ მოსახლეობის სხვადასხვა ფენა კიდევ უფრო ფართოდ და ჯარის, პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის გარდა უნდა ჩაერთონ თუ არა ტესტირებაში სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, რადგან ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირების დროს გამოკვლეულთა თითქმის, ათი პროცენტი ასიმპტომურია. თენგიზ ცერცვაძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის პაციენტების მკურნალობით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ საქმის კოორდინირებით იმდენად არის დაკავებული, რომ პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დინამიკას თვალს ვერ ადევნებს და ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რომ ტესტირებულთა 10%-ში უსიმპტომო ინფექცია გამოვლინდა. მაგრამ, როგოც ცერცვაძე აცხადებს, თუ ეს ასეა და ასეც რომ არ იყოს, ეთანხმება იმ აზრს, რომ ტესტირება უნდა გაფართოვდეს და ორგანიზებული ჯგუფები მოიცვას.
„გამოკვლეული უნდა იყვნენ პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ ძალოვანი სტრუქტურები და ტესტირება უნდა მოხდეს ყველგან, სადაც საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით ადამიანთა გარკვეული რაოდენობის თავშეყრა გარდაუვალია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: