მსოფლიო ლიდერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოშვების დაჩქარების გეგმაზე შეთანხმდნენ

მსოფლიო ლიდერებმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, ტესტებსა და წამლებზე მუშაობის დაჩქარების და მათი თანაბრად განაწილების გეგმაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ ინიციატივას არ შეუერთდნენ აშშ, ინდოეთი და ჩინეთი. ორგანიზაციამ პანდემიის დაძლევის გეგმა პოლიტიკურ ლიდერებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით წარუდგინა. ჯანმოში გაგნაცხადეს, რომ ვაქცინები, დიაგტონოსტიკის და მკურნალობის საშუალებები მსოფლიოში თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ვირუსი საერთო საფრთხეა, რომელის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი.

„გამოცდილება გვკარნახობს, რომ მაშინაც კი, როცა ინსტრუმენტები ხელმისაწვდომია, ისინი ყველასთვის თანაბრად არ არის ხელმისაწვდომი. ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში გლობალური თანამშრომლობის მიზანი 7,5 მილიარდი ევროს მობილიზაცია გახდება. ეს თანხები ვირუსის პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება.

ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც განაცხადა.

„წარმოუდგენელი იქნება თუ ვაქცინა მხოლოდ იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, რომელშიც მას შექმნიან ან რომელშიც მსხვილი კომპანია ჩადებს ინვესტიციებს. როგორც კი ამ ბრძოლას მოვიგებთ ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, რაც შეიძლება სწრაფად და ყველგან“, – განაცხადა მაკრონმა.

მსოფლიოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: