პრემიერი: დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით შეზღუდვები ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განაცხადაებით, ორშაბათიდან მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქებისთვის.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს, რათა ქალაქიდან სააღდგომოდ გასულმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეძლონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ორშაბათს და სამშაბათს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, სატრანსპორტო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით არსებული შეზღუდვები ოთხშაბათიდან აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოვუხსნათ შექმნილი დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს 4 დიდი ქალაქი: თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი დღეს, 15 აპრილს 21:00 საათიდან 10 დღით სრულად ჩაიკეტა.

Facebook Comments
%d bloggers like this: