როდიდან მიიღებენ კომპენსაციას აპრილში ხელფასის გარეშე დარჩენილი ადამიანები

აპრილში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ 3 თვეში ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შრომის ანაზღაურებს შემდგომ თვეში ვერ იღებენ. როგორც ლაშა ხუციშვილი აცხდებს, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს დამსაქმებელი წარუდგენს.

„კომპენსაციის ოდენობაა 1 200 ლარი, რომლის გაცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდება და ის ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს. კომპენსაციის მოთხოვნის წესი საკმაოდ მარტივია. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყოს საშემოსავლო დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად გადამხდელის პირადი გვერდის გამოყენებით rs.ge- ზე დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ხელფასი გაცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ წარსადგენ ინფორმაციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს იქნება დაქირავებულის პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები.

„კომპენსაციის გაცემის წესს რაც შეეხება, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოსავლების სამსახურში ერთიანი ბაზის ფორმირება და გადაეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ჩარიცხვა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული