ჩინელი მეცნიერების ახალი პროგნოზი კოვიდ19 -თან დაკავშირებით

Nusagi

ჩინელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსი, რომელიც დედამიწას უტევს, არ მოისპობა, ამის ნაცვლად ის სეზონური ვირუსის ფორმით დაბრუნდება როგორც გრიპი. ინფორმაციას Daily mail ავრცელებს. 

ჩინელი ვირუსოლოგების ჯგუფმა და მედიცინის მკვლევარებმა პეკინში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ გაქრება, როგორც SARS-ი, რადგან მას უსიმპტომო დაინფიცირება ახასიათებს. ეს კი, ნიშნავს, რომ არსებობენ ვირუსის მატარებლები, რომლებიც თავად ვერაფერს გრძნობენ, მაგრამ აინფიცირებენ სხვებს, რაც გავრცელების წყაროს ძიებას ართულებს.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთში ყოველდღე დასტურდება ათობით უსიმპტომო მატარებლის არსებობა. 

ჩინეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პათოგენური ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ჯინ ციმ განაცხადა, რომ „ალბათ, ეს იქნება ეპიდემია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს ადამიანებთან ერთად, გახდება სეზონური და ადამიანის ორგანიზმშიც შენარჩუნდება“.

მსოფლიოში მეცნიერები ასევე აღიარებენ, რომ ვირუსი მთლიანად არ გაქრება მიუხედავად კარანტინების და სხვა მკაცრი ზომებისა. 

Bloomberg-ის თანახმად, მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ჩინელმა მკვლევარებმა უარყვეს მოსაზრება, თითქოს ახალი ვირუსის გავრცელებას ზაფხული შეაჩერებს.

იყო გარკვეული იმედები, რომ მაღალი ტემპერატურა ჩრდილო ნახევარსფეროში მოსპობს ვირუსს. თუმცა პეკინის უნივერსიტეტის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების უფროსმა ვან გუიციანმა განაცხადა, რომ ვირუსი მგრძნობიარეა სიცხისადმი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა 56 გრადუსს აჭარბებს 30 წუთის განმავლობაში. 

„ამგვარად, გლობალური მასშტაბით, შემთხვევათა მნიშვნელოვანი კლება ზაფხულშიც საეჭვოა“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: