მარინა ეზუგბაია – პირველი შემთხვევაა, როცა გამოჯანმრთელებულებსა და ახალ ინფიცირებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა, ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კი 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო რიცხვმა 168 შეადგინა.

ეზუგბაია ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ერთ დღეში გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა.

„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511, დაგვემატა სულ ექვსი ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის საერთო ჯამში კოვიდ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან გამოჯანმრთელებულები უკვე 63-ია. გუშინ სამ პაციენტთან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი ტესტი და სამივემ დატოვა კლინიკა.

უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მხოლოდ სამი პაციენტი განიხილება, როგორც მძიმე პნევმონიით დავადებული. მოზარდები გვყავს 11. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედია, მალე დავიწყებთ მათთან გამოჯანმრთელების ტესტირებას და მივიღებთ უარყოფით პასუხს“, – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კრიტიკული პაციენტი არ ჰყავს.

Facebook Comments
%d bloggers like this: