ნათია თურნავა – უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით ავიარეისები აღვადგინოთ – ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზე, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო ფრენების პრინციპების დაწესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ პრინციპებს გაითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლის საშუალებითაც საქართველოში უკვე 8000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

„ავიამიმოსვლა ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი პროცესი. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ აღდგეს სრულმასშტაბიანად ავიამიმოსვლა, არ არის სამწუხაროდ, საკმარისი მარტო ჩვენი, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა. ჩვენ რაოდენ წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში, აუცილებლად იგივე დადებითი ტენდენციები უნდა ფიქსირდებოდეს პარტნიორ ქვეყნებში, მსოფლიოში, იმიტომ, რომ ჩვენ ეპიდემიამდე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ცა გვქონდა და 50-მდე ქვეყანასთან, 50-მდე მიმართულებით ვახორციელებდით პირდაპირ ფრენებს.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ლიბერალური ცის პოლიტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ძალიან ვამაყობთ ამით. 2019 წელს რამოდენიმეჯერ გაიზარდა დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენა. სამწუხაროა, რომ დღეს პანდემიის პირობებში ეს დროებით შეფერხდა, მაგრამ არის დადებითი პროგნოზები, ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის აღორძინებასთან. მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ დაწესდეს უსაფრთხო ფრენების პრინციპები და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამას გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ორმხრივ რეჟიმში.

მანამდე რაც ჩვენ მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ეს არის არარეგულარული ჩარტერული რეისები, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და ამის შედეგად 8000-მდე ჩვენი თანამემამულე ამ ორ ურთულეს თვეში დაუბრუნდა სამშობლოს ისე, რომ პრობლემა არ შექმნია საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ეპიდემიის გაღვივების თვალსაზრისით, ძალიან კოორდინირებულად გაკეთდა ეს.

უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“- განაცხადა თურნავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული