Advertisements

სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის ახალი ფორმატი მოუძებნეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი და რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივანი გახდეს, რომელსაც ვლადიმერ ზელენსკი ხელმძღვანელობს.
„მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში გავიგებთ ინფორმაციას სააკაშვილის სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მოიგებს, თუ ბატონი სააკაშვილი რეფორმის საკითხებში დაგვეხმარება“ – განაცხადა კირილ ტიმოშენკომ.
უკრაინელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ყველა თანამდებობა არ მოითხოვს რადაში კენჭისყრას, თუმცა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია ირწმუნება, რომ პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, დადებითი გადწყვეტილება მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობის ახალი ფორმატი მოუძებნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გაავრცელა.

Facebook Comments
Advertisements