Advertisements

თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა კულუმბეგოვს რომ კორონავირუსით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს, ასეთ რამეს არ იტყოდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მიერ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მათ მცდარს უწოდებს. ცერცვაძის თქმით, ბიძინა კულუმბეგოვი პერსპექტული ახალგაზრდა ექიმია და ამიტომ მას, ალბათ, მეტი წინდახედულობა მართებდა.

Nusagi

„28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში მან განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა. მას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდეს და ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა.

ბიძინა კულუმბეგოვის ფორმულირებაში მთლიანად გამოტოვებულია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, რომლებიც არ არიან კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არც მსუბუქ და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნებიან. მსოფლიო სტატისტიკით, მძიმე პაციენტების ხვედრითი წილი COVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის
20%-ს შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე. საქართველოშიც დაახლოებით ასეთივე პროპორციებია. გარდა ამისა, COVID-19-ს ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული მიდრეკილება დამძიმებისკენ და საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაავადება იწყება მსუბუქად, ან საშუალო სიმძიმით და შემდეგ მძიმდება“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, შესაბამისად, საშუალო და მძიმე (და არა მხოლოდ კრიტიკული) პაციენტები აუცილებლად საჭიროებენ სერიოზულ სიმპტომურ, დამხმარე და პათოგენეზურ მკურნალობას, რაც მათ უტარდებათ კიდეც და შესაძლოა ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვი 3-4%-ს არ აღემატება და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.

„კრიტიკულად მძიმე პაციენტების (ანუ 3%-ის) გარდა სხვებს რომ მკურნალობა არ სჭირდებოდეთ და თავისით რჩებოდნენ, მაშინ ამ პაციენტების მკურნალობას საქართველოში ერთი 30-საწოლიანი კლინიკა ეყოფოდა და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც COVID-19-ით სიკვდილობა დადასტურებული შემთხვევების 10-დან 18%-მდე არ იქნებოდა.
თუ ბიძინა კულუმბეგოვი ნამდვილად თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%-ს (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება. ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

მისივე განცხადებით, ტელეწამყვანის კითხვაზე, რომელიც პლაქვენილის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ეხებოდა, ბიძინა კულუმბეგოვმა სიტყვა-სიტყვით განაცხადა, რომ სამედიცინო პლატფორმა up-to-date-ში 2-3 დღის წინა გაჩნდა ჩანაწერი, რომ „We strongly not recommended“, ანუ „ჩვენ ძალიან მკაცრად გირჩევთ, რომ პლაქვენილი/ჰიდროქსიქლოროქინი და/ან ქლოროქინი არ გამოიყენოთ“. ცერცვაძის თქმით, სინამდვილეში „We strongly NOT recommend” არსადაა მითითებული და აღნიშნულ დოკუმენტში სიტყვა სიტყვით წერია „We strongly recommend that patients should be referred to a clinical trial whenever possible”, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დაბეჯითებით გირჩევთ, რომ პაციენტები (რომელთაც პლაქვენილს ვუნიშნავთ) ჩართოთ კლინიკურ კვლევებში, სადაც ეს შესაძლებელია. ასევე წერია, რომ აშშ-ის FDA უფლებას იძლევა, რომ თუ ასეთი კლინიკური კვლევების საშუალება არ არის, ეს მედიკამენტი (პლაქვენილი) გამოიყენებოდეს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

„ბიძინა კულუმბეგოვის ასეთი მკვეთრი პლაქვენილოფობიური შეფასება მით უფრო გასაკვირია, რომ აშშ-ის FDA-მ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერ კიდევ კლინიკურ კვლევებში მყოფი სხვადასხვა მედიკამენტიდან რეკომენდაცია სწორედ ჰიდროქსიქლორიქინის (პლაქვენილის) გამოყენებას მისცა, რაც ბიძინა კულუმბეგოვს არ შეიძლება, არ სცოდნოდა (გუშინ FDA-იმ ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა მედიკამენტ რემდესევირის მიმართ). როგორც ის, რომ ჰიდროქსიქოლორიქინს (პლაქვენილს) აქტიურად იყენებენ აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დანიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი კლინიკები, რაც ასახულია მათ ოფიციალურ პროტოკოლებში. აგრეთვე ის, რომ აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის წამყვანი უნივერსიტეტები აწარმოებენ ქლოროქინით/ჰიდროქსიქლოროქინით COVID-19-ის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის მასშტაბურ კლინიკურ კვლევებს. ბიძინა კულუმბეგოვის ტელეგამოსვლებსა და Facebook-პოსტებში არის რიგი სხვა უზუსტობებიც, მაგრამ მათზე არ შევჩერდებით“, – წერს ცერცვაძე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული