Advertisements

„მოვუწოდებთ ბატონ მიხეილს,ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის“

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის გადაცემა “ჰოროსკოპში“ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ემიჯნება. ცაგარელმა 1 მაისის გადაცემაში კორონავირუსის პანდემია მასონების გლობალურ შეთქმულებას დააბრალა, რომლის მიზანი ადამიანების “დაჩიპვა“ და დამორჩილებაა. მის თეორიებს დიდი გამოხმარურება მოჰყვა.

Nusagi

გთავაზობთ არხის განცხადებას მიხეილ ცაგარელის გადაცემასთან დაკავშირებით:

“თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ განცხადება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 1 მაისს გასულ გადაცემა “ჰოროსკოპთან“ დაკავშირებით, რომელსაც უძღვება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

ბოდიშს ვუხდით მაყურებელს იმ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი პროპაგანდისთვის, რაც ბატონმა მიხეილმა ჩვენი ეთერით შესთავაზა საზოგადოებას.

ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ განცხადების გაკეთება, რადგან მრავალი წელია ბატონ მიხეილ ცაგარელთან გვაკავშირებს თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ამ უმძიმეს დროს ადამიანების მოწამვლა შავ–ბნელი პროპაგანდით და შეთქმულებების დაუსაბუთებელი თეორიებით იმდენად ზღვარგადასული ქმედებაა, რომ არ შეიძლება მისი შეფასების გარეშე დატოვება.

დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით.

ტელეკომპანია კავკასია კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ ცაგარელის გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს, მოუწოდებს ბატონ მიხეილს, პატივი სცეს მაყურებელს და ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის“– ნათქვამია ტელეკომპანია კავკასიის განცხადებაში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული