საზოგადოება

ვაჟა ბერიძე- ახლა ზაზა აბაშიძეა მორიგი სამიზნე, ამ ქვეყანაში ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დამთავრდეს

Nusagi

ზაზა აბაშიძის მიმართ გაჟღერებულ უსაბუთო, უსაფუძვლო და ღვარძლით სავსე განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო,-ამის შესახებ პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა.

„ისე არავინ გაიგოს, მის დაცვას ვცდილობდე – ასეთი რამ მას არ სჭირდება.

თუმცა, არც ჩუმად ყოფნა ივარგებს.

ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც აგერ უკვე 40 წელია სხვადასხვა ჯგუფები და პოლიტიკანები გააფთრებით ეწევიან. მიზანი მარტივია – მავანთა მიერ უცდომელ ჭეშმარიტებად და ტრენდად შერაცხული აზრის მდინარება არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ. ნებისმიერი სხვა თვალსაზრისი ცხადდება მკრეხელობად. ყველა ავტორიტეტი უნდა დაემხოს, რათა ქვეყნისთვის თავსმოხვეული თვითგანადგურების პროცესი არ შეჩერდეს.

ახლა ზაზა აბაშიძეა მორიგი სამიზნე, რომელმაც ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაგმო მოქალაქეთა ერთი ჯგუფის ანტისაზოგადოებრივი ქმედებები. ცინიზმის მწვერვალია ზაზა აბაშიძისთვის ქსენოფობის იარლიყის მიწებება, უმაღლესი რანგის ინტელექტუალისთვის, გამორჩეული საზოგადო მოღვაწისა და დიდებული ოჯახის თავისთვის. თავხედი და არაადეკვატური სუბიექტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ ინსტიტუტს არ უნდათ, რომ გამორჩეული მოღვაწე და ინტელექტუალი ედგას სათავეში, ელენე ახვლედიანისა და დოდო აბაშიძის დიდ ოჯახში აღზრდილი, კეთილშობილი და გულისხმიერი ადამიანი.

ათეული წლებია მაქვს პატივი ვიცნობდე და სარწმუნოდ ვიტყვი, რომ მისი ცხოვრება საზოგადოებისთვის უშურველი სამსახურის მაგალითია.

რაც შეეხება აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს – ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ კანონის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ისევე დაისჯება, როგორც ქართველი, რუსი, სომეხი და ა.შ. ეთნიკური კუთვნილების მქონე საქართველოს მოქალაქე. მთავრობა, განსაკუთრებით საგანგებო ვითარების პირობებში, პრინციპული და, საჭიროების შემთხვევაში, დაუნდობელიც უნდა იყოს. ისინი რომ ვერ საუბრობენ სახელმწიფო ენაზე, ეს ამ და ყველა წინა ხელისუფლების ბრალია და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანიცაა ამაში დამნაშავე. ვითარება ქართული ენის ცოდნის და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში აშკარად არასახარბიელოა.

მაგრამ აბა, რას აკეთებს ხელისუფლება ამ მიმართულებით? არც არაფერს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში ერთი სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანიც კი არ არის, არაფერი რომ ვთქვათ იმის თაობაზე, რომ არაქართული წარმომავლობის მინისტრი კარგა ხანია არ ჰყოლია საქართველოს, თუ არ ჩავთვლით არაქართული გვარის მქონე თითო-ოროლა პირს, რომლებიც თავს ქართველებად მიიჩნევენ და არიან კიდეც. ყველა მთავრობა 233 000 ეთნიკური აზერბაიჯანელის (2014 წლის აღწერის მიხედვით) და 168 000 ეთნიკური სომეხის ხმების მოსაპოვებლად არჩევნებიდან არჩევნებამდე ფაქტობრივად არაფერს აკეთებს და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ბაქოდან და ერევნიდან ცდილობს, ან საეჭვო რეპუტაციის პირებს ეყრდნობა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ასეთ ვითარებაში მაღალმოქალაქეობრივ თვითშეგნებას ამ რეგიონების მაცხოვრებლებს ვერ მოსთხოვ.

არანაირი ქსენოფობია საქართველოში არ ყოფილა და არ იქნება. ფაქტობრივად დისკრედიტებულ ოპოზიციას ამდაგვარი თემებით მანიპულირებას არ ვურჩევ, განსაკუთრებით ისეთი სამიზნის შერჩევას, როგორიც ზაზა აბაშიძეა. სჯობს მათ ზაზა მიიწვიონ და საქართველოს ისტორიისა და ეროვნული თანხმობის გამოცდილების თაობაზე ლექციები ჩაატარებინონ. თუ მოსმენილს გაიგებენ, ასე უიმედოდ ყველა არჩევნებს აღარ წააგებენ.

ზაზას კი მინდა ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო. იგი სჭირდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას კიდევ ბევრი წელი“.-წერს ვაჟა ბერიძე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,912 ნახვა
%d bloggers like this: