დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე – ცოტა მიკვირს, რადგან კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი

Nusagi

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის  განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება უკვირს, რადგან კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში ხშირად უნახავს.

როგორც ცქიტიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ყანდიაშვილი პარტიის პიარსამსახურში, მედიის მონიტორინგის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

„ცოტა მიკვირს. არ ვიცი, კოკა ყანდიაშვილი ფორმალურად იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა თუ არა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ მე არაერთხელ მინახავს ის და სხვათაშორის 2014 წლიდან, მანამდე ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. არ ვიცი ზუსტად რა ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ პარტიის პიარსამსახურში იყო ჩართული მედიის მონიტორინგის კუთხით. ინფორმაცია რა ვრცელდება და ზოგადად უმრავლესობის წევრების უზრუნველყოფა საინფორმაციო ნაკადებით, რა ხდება და ძირითადი აქცენტები – საკმაოდ საინტერესო, ლეგიტიმური საქმიანობა იყო. რამდენადაც ვიცი ამით იყო დაკავებული, არაერთხელ მინახავს ის პარტიის ოფისში, საარჩევნო პერიოდშიც. ხელფასს იღებდა, ფორმალურად იყო თუ გაფორმებული, ეს არ ვიცი, ეს ფინანსურ სამსახურს და აღმასრულებელ სამდივნოს ეცოდინება, მაგრამ პარტიულ საქმიანობაში რომ მონაწილეობდა, ამას ვხედავდი. რაც მახსოვს, 2016 წელს ვხედავდი საარჩევნო კამპანიის დროს, ძირითადად პარტიის ოფისში ვიყავი მაშინ, მე პირადად გადაკვეთა მასთან არ მქონია, მე საერთაშორისო კუთხით ვიყავი, მაგრამ 2015, 2016, 2017, 2018 წლებში მახსოვს, 2019 წელს უფრო საპარლამენტო კუთხით ვიყავი გადართული და არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, „ტროლების“ პრობლემა ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს და კარგია, რომ „ფეისბუქი“ თავად ბლოკავს ასეთ ანგარიშებს.

„ზოგადად „ტროლები“ დიდი ხანია არსებობს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ეს ინსტრუმენტი პოლიტიკაში არის გამოყენებული და ჩანს, რომ არის მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციური პარტიიდან. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ეს, მაშინ მთლად ასე არ იყო სოციალური ქსელები განვითარებული, მაგრამ იქაც იყო ეს და დაახლოებით ამ რეალობაში ვართ და პოზიტიურია, რომ „ფეისბუქი“ თვითონ ბლოკავს ამ ანგარიშებს და არ აძლევს საშუალებას პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ბინძური ხერხები გამოიყენონ,“ – აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება არ აქვს. ასე უპასუხა  მამაუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან. აღნიშნული შეკითხვა აქტუალური იმ კონტექსტში გახდა, რომ „ფეისბუქმა“ კოკა ყანდიაშვილის მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები წაშალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: