როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში?

Nusagi

როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები პანდემიის პირობებში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა დაიწყო.

კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ვარაუდი გამოითქვა, თუმცა ზუსტ პასუხს ვერავინ ამბობს. საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე შეზღუდვები შეიძლება წლის ბოლომდე დარჩეს ძალაში, ან უფრო მეტიც.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ ჩატარდება ის, შესაძლოა, ამ პერიოდისთვის ეპიდემიის შესაკავებლად აუცილებელი ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნას.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, არჩევნების ჩატარების და წინასაარჩევნო კამპანიის საკითხზე აქტიური კონსულტაციები დაიწყონ.

მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული და მეორეს მხრივ, არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგეს რისკის ქვეშ.

როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯერ  რეკომენდაციებს არ გასცემს.

მინისტრი ამბობს, რომ არჩევნებამდე დროა და მოვლენებს უნდა დაველოდოთ.

როგორც ცესკო-ს პრესპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ეტაპზე სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, პანდემიის პირობებში არჩვნების ორგანიზების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ პანდემია გაგრძელდება, ცესკო ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს გაითვალისწიებს.

“საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის და არსებული რეგულაციების სრული დაცვით, განაგრძობს და არც შეუწყვეტია მუშაობა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე საგანმანათლებლო და საარჩევნო საქმიანობამ ვადებში გადაიწია პანდემიის გამო, ტარდება რა თქმა უნდა ცესკო-ს სხდომები, სამუშაო შეხვედრები გვქონდა და მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების დისტანციური ტრენინგები. რა თქმა უნდა ვემზადებით ოქტომბრის არჩვნების ორგანიზების კუთხით.

ცესკო-ს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

ამ ეტაპზე ცესკო სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, პანდემიის პერიოდში არჩევნების ორგანიზების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე გეგმავს, დეტალურად აღწეროს მის მიერ განსახორციელებელი საარჩევნო ღონისძიებები პანდემიის წესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, და თუ კი გაგრძელდება პანდემია და საჭირო იქნება პრევენცია, უსაფრთხოების განსაკუთრებული მექანიზმების დაცვა, რა თქმა უნდა ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების და ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია საარჩევნო პროცესებში და მოხდება მათი გამოყენება სიტუაციის მიხედვით.

შესაბამისად, იგეგმება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის აუცილებელი აღჭურვილობის შესყიდვა, მომზადდება რეკომენდაციები, შესაბამისი გაიდლაინები, რომელსაც გავაცნობთ, როგორც ჩართულ მხარეებს არჩევნებში, ისე რა თქმა უნდა ამომრჩევლებს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

გარდა ამისა, პარლამენტში ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტია ინიცირებული, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: