ზურაბ ალხანიშვილი: სტომატოლოგიური კლინიკები ემზადებიან გეგმური მომსახურების აღდგენისთვის და მარაგების შევსების პრობლემა არ არის

Nusagi

სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი „მთავარ არხს“ ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე „სტომატოლოგები ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“.

როგორც ზურაბ ალხანიშვილი წერს, მისი კომენტარი, რომელიც ეხებოდა საფრანგეთის მაგალითს, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ცხელების ცენტრებისკენაა მიმართული და ამ საშუალებების დეფიციტმა საფრანგეთში სტომატოლოგების პროტესტი გამოიწვია, ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა, როგორც მის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი.

ზურაბ ალხანიშვილი თავისავე სტატუსში იმეორებს კომენტარის იმ ნაწილსაც, სადაც ის ამბობს, რომ სტომატოლოგიური კლინიკები ემზადებიან გეგმური მომსახურების აღდგენისთვის და რომ მარაგების შევსების პრობლემა არ არის.

„ძალიან მეუხერხულება, მეორე პოსტს რომ ვუძღვნი ამ თემას, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვებზე ვნახე, ეს სიუჟეტი დევს სათაურით „სტომატოლოგები ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“). ნათელი რომ მოვფინო, რა მოხდა – ჟურნალისტმა მკითხა, როგორ ვემზადებით სტომატოლოგიური კლინიკები გეგმური მომსახურების აღდგენისთვის. ჩემი პასუხი იყო, რომ ვავსებთ მარაგებს. მკითხა, გვქონდა თუ არა მარაგების შევსების პრობლემა, ვუპასუხე, რომ არა, განსხვავებით ქვეყნების ნაწილისგან (სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა), სადაც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რადგან მარაგები მიმართულია ცხელებისა და კოვიდცენტრებისკენ და ამან პროტესტიც გამოიწვია-მეთქი. საფრანგეთის მაგალითი, ფოტოსესია რომ მოაწყვეს. ამიტომ ვიცინი ამის თქმისას. მოჭრილია, რომ სხვა ქვეყნებზე ვამბობ და გაშუქებულია, რომ საქართველოში პროტესტი მძვინვარებს. არც პროტესტი მიჭირს და არც ხმამაღლა საუბარი ყველა პრობლემაზე. უბრალოდ, უსამართლობის განცდა ცუდი რამეა, არაფრიდან უცებ უაზრობაში რომ ამოყოფ თავს. ესაა და ეს. არა უშავს, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა“,- წერს სტომატოლოგიური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: